გოეთეს საზოგადოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გოეთეს საზოგადოება — გოეთეს შემოქმედების მეცნიერული კვლევისა და პოპულარიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს განყოფილება. შეიქმნა თბილისში 1970 წელს, როგორც ვაიმარში 1885 წელს დაარსებული გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი განშტოება.

მისი დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი იყო ო. ჯინორია (1969 წლიდან გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი). 1975 წლიდან პრეზიდენტი იყო დ. ლაშქარაძე, 1999 წლიდან — ნ. კაკაბაძე, 2006 წლიდან — მ. პაიჭაძე. გოეთეს საზოგადოების საქართველოს განყოფილება შეისწავლის გერმანული კლასიკური ლიტერატურისა და კულტურის საკითხებს; ეწევა მის სისტემატურ პროპაგანდას. ამ საქმიანობამ ქართული გერმანისტიკის სკოლას ფართო აღიარება მოუპოვა საერთაშორისო ასპარეზზე. გოეთეს საზოგადოების საქართველოს განყოფილების ანგარიში რეგულარულად ქვეყნდება გოეთეს საერთაშორისი საზოგადოების ბეჭდვით ორგანოში „გოეთეს წელიწდეულში“ ("Goethes Jahrbuch").

1995 წელს დაარსდა გოეთეს საზოგადოების ფოთის განყოფილება. 1982 წელს ქუთაისში გაიხსნა ფილიალი, რომელიც 1996 წლიდან ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ადგილობრივ ორგანიზაციად. დამოუკიდებელი გაერთიანებების წევრთა დელეგაციები მონაწილეობენ გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ გოეთეს კონგრესებში, რომლებიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება ვაიმარში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]