შინაარსზე გადასვლა

გიორგი მესხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი მესხი
დაბადების თარიღი 1841
რიონი, იმერეთი
გარდაცვალების თარიღი უცნობია
ქუთაისი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა პედაგოგი

გიორგი სიმონის ძე მესხი (დ. 1841, სოფ. რიონი — გ. ქუთაისი) — ქართველი პედაგოგი, საქმის მომრიგებელი

გიორგი მესხმა ქუთაისის გიმნაზია „მოწონებით“ დაამთავრა. დედის მაგდანა მარჯანიშვილის წინააღმდეგობის მიუხედავად სწავლის გასაგრძელებლად რუსეთის დედაქალაქში გაემგზავრა. ჩაირიცხა კიდეც უნივერსიტეტში, მაგრამ პეტერბურგში არეულობა დაიწყო და თითქმის ყველა სტუდენტი მოსკოვის უნივერსიტეტში გადავიდა. უნივერსიტეტის დამთავრების, შემდეგ გიორგი ქუთაისში დაბრუნდა.

ქუთაისში ერთხანს გიმნაზიაში ისტორიასა და გეოგრაფიას ასწავლიდა, მაგრამ სასწავლებელში არსებულ რეჟიმს ვერ შეეგუა, პედაგოგობას თავი დაანება და საჩხერის მაზრაში მომრიგებელ შუამავლად დაიწყო მუშაობა. ამ დროს გიორგი უკვე დაცოლშვილებული იყო. გიორგის ცოლად ჰყავდა ქუთაისის პირველდაწყებითი ორკლასიანი სასწავლებლის გამგის, ლოტბარ ანდრია მრევლიშვილის ასული ანა. გიორგის ძალიან უყვარდა მუსიკა და კარგად უკრავდა სიმებიან ინსტრუმენტებზე.

ოთხი შვილის მამა დიდხანს არც მომრიგებელი შუამავლის თანამდებობა შერჩა, ისევ რუსეთში წავიდა და მოსკოვის უნივერსიტეტში მოეწყო.

გიორგი ფიზიკურად ძალიან მარჯვე, პატარა ტანის, მაგრამ ლამაზი და შნოიანი კაცი ყოფილა. მისი მომრევიც არავინ იყოო, წერს ძმა დავითი, მაგრამ პეტერბურგში არეულობის და მოსკოვში ლტოლვილობის დროს, ფეხით დიდი გზა გაუვლია, რამაც მისი ჯანმრთელობა ძალიან შეარყია. მოსკოვში უკვე ავადმყოფი სწავლობდა: გულის უკმარისობას, წყალმანკიც დაერთო და სრულიად ახალგაზრდა, შუა ასაკს მიუღწეველი ქუთაისში გარდაიცვალა. დაკრძალეს სოფელ რიონში.

გიორგის ქვრივი ანა, ვაჟი ანდრია და სამი ქალიშვილი, ბაბუის სიმონ მესხის მეურვეობის ქვეშ დარჩნენ. სიმონმა ყველა შვილიშვილს დაამთავრებინა საშუალო სასწავლებელი, რის შემდეგ ანდრია რკინიგზის უწყებაში განაწესეს, ქალები კი აქტიურად მონაწილეობდნენ ქუთაისის ქართულ თეატრში. საყურადღებოა, რომ ცნობილი ქართველი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე გიორგის ქალის მარიამის ქალიშვილი იყო.

  • რამაზ სურმანიძე, „ივანე მესხი: (ქალაქის მდივანი)“, თბ., 2013

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]