გარსიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარსიანები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Tunicata ან Urochordata

გარსიანები, ლარვაქორდიანები (Tunicata ან Urochordata) — ზღვის ცხოველების ქვეტიპი ქორდიანების ტიპისა. აქვთ პარკისებრი ან კასრისებრი დაუნაწევრებული სხეული, რომელიც გარეგანი ეპითელიუმის მიერ გამოყოფილ ტუნიკაშია გახვეული (აქედან წარმოსდგება მათი პირველი სახელწოდება). სხეულის ზომა მერყეობს რამდენიმე მმ-იდან (აპენდიკულარიები) 50 სმ-მდე (ზოგი ასციდია). უმრავლესობას ქორდა მხოლოდ ლარვის სტადიაში აქვს (აქედან — მათი მეორე სახელწოდება).

გარსიანები ჰერმაფროდიტები არიან. მრავლდებიან როგორც სქესობრივად, ისე უსქესოდ. ხშირად ქმნიან კოლონიებს. ქორდის არსებობა, ნერვული სისტემის ჩასახვის ერთგვარობა, გულის პარკის მსგავსი მდებარეობა, მომნელებელი ტრაქტის წინა განყოფილების გარდაქმნა ლაყუჩის აპარატად, მათ ხერხემლიანებთან აახლოებს. ცნობილია 1000-ზე მეტი სახეობა. გარსიანები იყოფიან 3 კლასად: აპენდიკულარიები, ასციდიები და სალპები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]