გარი მერკვილაძე
გარი ალექსანდრეს ძე მერკვილაძე (დ. 16 თებერვალი, 1923, ბათუმი — გ. 2 აპრილი, 1971) — ავიაციის გენერალ-მაიორი (1966), საბჭოთა კავშირის გმირი (1945).
დაიბადა 1923 წლის 17 თებერვალს ქ. ბათუმში. გატაცებული იყო ცურვითა და წყალბურთით. საშ.სკოლის ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ შევიდა თბილისის საავიაციო სასწავლებელში. 1943 წლიდან სერჟანტის წოდებით, როგორც მფრინავ-გამანადგურებელი, იბრძვის მეორე მსოფლიო ომში. განახორციელა 386 საბრძოლო გაფრენა. პირადად ჩამოაგდო მტრის 13 თვითმფრინავი. 1945 წლის მარტში მოახერხა ჩამოეგდო გერმანელთა რეაქტიული თვითმფრინავი Me-262. ამ განსაკუთრებული და უიშვიათესი წარმატებისათვის დაჯილდოვდა წითელი დროშის ორდენით. 1945 წლის 27 ივნისს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, გადაეცა ლენინის ორდენი და ოქროს ვარსკვლავის მედალი.
1952 წელს დაამთავრა უმაღლესი სამხედრო-საჰაერო აკადემია და აგრძელებდა რა სამსახურს სსრკ სამხედრო-საჰაერო ძალებში, მეთაურობდა საავიაციო-გამანადგურებელ პოლკს. დაფრინავდა რეაქტიული აპარატებითაც. მიაღწია გენერალ-მაიორის წოდებას. დაჯილდოებულია სხვადასხვა ხარისხის რიგი ორდენებითა და მედლებით. გარი მერკვილაძე გარდაიცვალა 1971 წლის 2 აპრილს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. ბათუმში არის მისი სახელობის ქუჩა, მისი სახელი დაერქვა საქართველოს სანაოსნოს ტანკერს, ბათუმში ტარდება მისი სახელობის ტურნირი წყალბურთში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 589.