გამოყენებითი ენათმეცნიერება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


გამოყენებითი ენათმეცნიერება ფოკუსირდება ენასთან დაკავშირებული პრობლემების გარშემო, იკვლევს მათ და გვთავაზობს პრობლემების გადაჭრის გზებს.

განმარტება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოყენებითი ენათმეცნიერება ფართო სფეროა, რომლის კვლევის ობიექტიც ენასთან და მის მომხმარებლებთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრაა.

გამოყენებითი ენათმეცნიერება ეყრდნობა ენათმეცნიერებაში დაგროვებულ ცოდნასა და ლინგვისტური კვლევების აღმოჩენებს და იყენებს მათ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განათლებაში, ლექსიკოგრაფიაში, თარგმნაში, ენობრივ დაგეგმარებასა და ბუნებრივი ენის დამუშავებაში.

გამოყენებითი ენათმეცნიერება იყენებს ტექნიკურ ცოდნას სხვა დისციპლინებიდანაც, მაგალითად სოციოლოგიიდან და ანთროპოლოგიიდან და ცდილობს ინჟინრული გადაწყვეტა მოუფიქროს აქტუალურ ლინგვისტურ პრობლემებს.

გამოყენებითი ენათმეცნიერება ეყრდრნობა ფონეტიკის, ფონოლოგიის, მორფოლოგიის, სინტაქსის, სემანტიკის, პრაკმატიკისა და წერილობითი დისკურსის საფუძვლებს.

გამოყენებითი ენათმეცნიერება იკვლევს ენას რეალურ სამყაროში. თეორიული ენათმეცნიერებისგან განსხვავებით მას აქვს რეალისტური სურათი, თუ როგორია ენა. გამოყენებითი ენათმეცნიერება ეხმარება საზოგადოებას, რომ გაიგონ ენის არსი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოყენებითი ენათმეცნიერების წარმოშობა მიჩიგანის უნივერსიტეტის ინგლისური ენის ინსტიტუტს უკავშირდება. 1948 წელს აქ გამოიცა ჟურნალი Language Learning: A Quarterly Journal of Applied Linguistics (ენის შესწავლა: გამოყენებითი ენათმეცნიერების კვარტალური ჟურნალი), რომელიც პირველი ჟურნალი იყო, რომელშიც გამოყენებითი ენათმეცნიერება, როგორც ტერმინი, სათაურში გამოიყენეს. ეს დარგი თავდაპირველად აშშ-სა და ევროპაში გაჩნდა, თუმცა მალევე გავრცელდა მთელ მსოფლიოში.

თუ თავდაპირველად გამოყენებითი ენათმეცნიერება ლინგვისტიკის გამოყენებასთან ასოცირდებოდა, მან მალევე მოიცვა უფრო ფართო არეალი. 1960-იან წლებში გამოყენებითი ენათმეცნიერების საგნად მიიჩნეოდა ენის შეფასება, ენობრივი დაგეგმვა, ენობრივი პოლიტიკა და მეორე ენის ათვისება. 1970-იან წლებში გამოყენებითი ენათმეცნიერება გაცდა თეორიულ ჩარჩოებს და უფრო მეტად პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სფერო გახდა. 1990-იან წლებში ის კიდევ უფრო გაფართოვდა და კრიტიკული კვლევები და მულტილინგვიზმი მოიცვა.

გამოყენებითი ენათმეცნიერების განსაზღვრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს განსხვავებული მოსაზრებები უნდა ჩაითვალოს თუ არა გამოყენებითი ენათმეცნიერება ინტერდისციპლინარულ მეცნიერებად.

ენასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად ენათმეცნიერებს სხვადასხვა სფეროდან უწევთ ცოდნის გამოყენება, მათ შორის სოციოლოგიიდან, ანთროპოლიგიიდან, ფსიქოლოგიიდან და განათლების მეცნიერებიდან. სწორედ ამიტომ გამოყენებითი ენათმეცნიერებას მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს ინტერდისციპლინარულ მეცნიერებად, გამოყენებითი ენათმეცნიერება არ ქმნის უნიკალურ ცოდნას და არ მუშაობს უნიკალური პრინციპების ჩარჩოში, არამედ იყენებს თეორიულ ცოდნას სხვადასხვა დარგიდან.

მეორე მხრივ, მეცნიერების ნაწილი მას განიხილავს, როგორც შუამავალ დარგს ენათმეცნიერების თეორიულ მხარესა და მის გამოყენებაში რეალურ ცხოვრებაში წარმოშობილი პრობლემების გადასაჭრელად.

გამოყენების სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოყენებითი ენათმეცნიერებას სხვადასხვა სფეროსთან აქვს თანაკვეთა. კომპიუტერული ლინგვისტიკა, მანქანური თარგმნა, კომპიუტერის დახმარებით თარგმნა, ბუნებრივი ენის დამუშავება, მეტყველების აღქმა გამოყენებითი ენათმეცნეირების სფეროებია, რომლებშიც კომპიუტერები ფართოდ გამოიყენება. გამოყენებითი ენათმეცნიერების ერთ-ერთი მიზანია განათლების სფეროს გაუმჯობესებაც უკეთესი ხარისხის სახელმძღვანელოების და ენის სწავლების ეფექტური მეთოდების შეთავაზებით. გამოყენებით ენათმეცნიერებას დიდი როლი აქვს ენობრივი დაგეგმვისას.

გამოყენებითი ენათმეცნიერება ეხმიანება შემდეგ პრობლემებს:

  • ენის შეფასების პრობლემები (ვალიდურობა, სანდოობა, გამოყენებადობა);
  • ენობრივი კონტაქტის პრობლემები (ბილინგუალიზმი, სოციალური და კულტურული ინტერაქციები, ენის ცვლა, გადაადგილება, დაკარგვა, შენარჩუნება);
  • ენობრივი უთანასწორობის პრობლემები (ეთნიკურობა, კლასი, რეგიონი, გენდერი და ასაკი);
  • ენის ათვისების პრობლემები (უნარების აღმოცენება, ინფორმირებულობა, წესები, გამოყენება, კონტექსტი, ავტომატიზირება, დამოკიდებულება, ექსპერტიზა);
  • ენობრივი პათოლოგიის პრობლემები (აფაზია, დისლექსია, ფიზიკური უნარშეზღუდულობა);
  • ენობრივი პოლიტიკისა და დაგეგმვის პრობლემები (სტატუსის დაგეგმარება, კორპუსის დაგეგმარება, ათვისების დაგეგმარება, ენის ეკოლოგია, მულტილინგვიზმი, პოლიტიკური ფაქტორები);
  • ენის სწავლების პრობლემები (რესურსები, ტრეინინგები, ვარჯიშები, ინტერაქციები, გაგება, გამოყენება, კონტექსტი, უთანასწორობა, მოტივაცია, შედეგები);
  • ენისა და ტექნოლოგიის პრობლემები (შესწავლა, შეფასება, ხელმისაწვდომობა, გამოყენება);
  • ენის თარგმნის პრობლემები (ხელმისაწვდომობა, ეფექტურობა, ტექნოლოგიები);
  • ენის გამოყენების პრობლემები (დუალექტები, რეგისტრები, თემის დისკურსი, ლიმიტირებული წვდომა მომსახურებასა და რესურსებზე);
  • წიგნიერების პრობლემები (ორთოგრაფიის განვითარება, ახალი დამწერლობები, რესურსების განვითარება, სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები).

შესაძლიებელია ამ კატეგორიების კიდევ უფრო გაფართოება, თუმცა, საბოლოო ჯამში გამოყენებითი ენათმეცნიერების საფუძველს რეალურ ცხოვრებაში არსებული ენასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოადგენს .

მიმართულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენის თანამედროვე კვლევებში განსხვავებული ინტერესებისა და სირთულეების არსებობამ განაპირობა გამოყენებით ენათმეცნიერებაში რამდენიმე სხვადასხვა მიმართულების წარმოშობა. ისინი ეხმიანება სხვადასხვა თეორიულ, ანალიტიკურ და იდეოლოგიურ პრობლემას.

კრიტიკული გამოყენებითი ენათმეცნიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოყენებით ენათმეცნიერებზე გავლენა იქონია ფილოსოფიურმა და ინტელექტუალურმა დამოკიდებულებებმა, რომლებიც კრიტიკულად მოიაზრება. კრიტიკული გამოყენებითი ენათმეცნიერება ინტერესედება ისეთი სოციალური პრობლემებით, რომლებიც ენასაც ეხება. კრიტიკული გამოყენებითი ენათმეცნიერების მიმდევრები ენობრივ პრობლემებსა და ზოგად სოციალურ პრობლემებს ერთმანეთს უკავშირებენ. ისინი თავიანთ თავს მოიაზრებენ არა როგორც ენასთან დაკავშირებული სიტუაციების შემსწავლელებად, არამედ სოციალური ცვლილების გამომწვევ აგენტებად. კრიტიკული წიგნიერება, კრიტიკული პედაგოგია და კრიტიკული დისკურსის ანალიზი ამ ტიპის გამოყენებითი ენათმეცნიერების ფარგლებში აღმოცენდა. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკული გამოყენებითი ენათმეცნიერებას განიხილავენ წიგნებში, სტატიებსა და კონფერენციებზე, ეს ალტერნატიული მიდგომა ჯერ ფართოად არ არის მიღებული გამოყენებითი ენათმეცნიერების წრეში.

კორპუსის ანალიზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორპუსის ლინგვისტიკას გარკვეული პერიოდია გამოყენებენ ლექსიკოლოგები, ლექსიკოგრაფები და ენის სილაბუსის შემქმნელები. მისი ახლანდელი გამოცოცხლება დაკავშირებულია ენის კორპუსების დანერგვაში კომპიუტერების გამოყენებასა და მონაცემთა ხელმისაწვდომობასთან. ამან გამოიწვია არსებული ბაზების გაფართოება და ახალი ბაზების შექმნა. კორპუსის კვლევების უმთავრესი მიზანია ენის გამოყენებასთან დაკავშირებული ლინგვისტური მახასიათებლების და ნიმუშების იდენტიფიცირება სხვადასხვა კონტექსტში. კორპუსის ანალიზი ეყრდნობა ემპირიულ მეთოდს, ხოლო ინტერპრეტირებისთვის გამოიყენება როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი კვლევის მეთოდები. თანამედროვე კორპუსის ანალიზს დაემატა ახალი მიმართულებები, როგორებიცაა დისკურსის ანალიზი, კულტურათაშორისი კომუნიკაცია, საუბრის ანალიზი.

ფართო გამოყენების ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფართო გამოყენების ენები ეწოდება ენებს, როგორებიცაა ლინგვა ფრანკა (საერთო სასაუბრო ენა) ან ორმხრივად გასაგები მედიუმი მულტილინგვურ საზოგადოებაში მოსაუბრეთათვის. თანამედროვე კომუნიკაციის ტექნოლოგიების განვითარებამ და მოგზაურობის გამარტივებამ გაამწვავა საერთო ენის საჭიროება. შედეგად წარმოიშვა გამოყენებითი ენათმეცნიერებისთვის რელევანტური პრობლემები, მათ შორის, ენობრივი პოლიტიკა და დაგეგმვა, ენის ვარიაციები და ცვლა, ენის მასწავლებელთა მომზადება, ენა და იდენტობა, მულტილინგვიზმი და ბილინგვიზმი. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა ინგლისური ენას, როგორც გლობალურ ლინგვა ფრანკას. თანამედროვე კვლევები სოციოლინგვისტური პერსპექტივიდან იკვლევს მის გამოყენებას, მომხმარებლებს, ფორმებსა და ფუნქციებს, სწავლისა და სწავლების მოდელებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიღმა. ენების გავრცელების ეფექტებსა და მათი ვარიაცების მრავალი ნორმის არსებობასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოადგენს ფართო გამოყენების ენების გამოყენებითი ლინგვისტების ინტერესის სფეროს.

გამოყენებითი ენათმეცნიერება დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოყენებითი ენათმეცნიერება დროთა განმავლობაში გაფართოვდა და მეტი სიღრმე შეიძინა. ამ სფეროში მოღვაწე მკვლევრები და მეცნიერები მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია. გამოყენებითი ენათმეცნიერების საერთაშორისო ასოციაცია 1964 წელს საფრანგეთში ჩამოყალიბდა, დღეს კი ფილიალები მსოფლიოს 30 ქვეყანაზე მეტში აქვს.

მულტილინგვურ ევროპაში ბევრი გამოყენებითი ენათმეცნიერი ევროკავშირის განვითარებისთან ერთად აღმოცენებული ენობრივი პრობლემებს გადაჭითა და ენის პოლიტიკის შემუშავებითაა დაკავებული. პოლიტიკის მიზანია პრაქტიკული გადაჭრა უპოვოს ლინგვა ფრანკას (საერთო სასაუბრო ენის) საჭიროებას. ენის პოლიტიკის ფარგლებში უნდა არსებობდეს საკუმუნიკაციო ენა, რომელზეც ქვეყნების წარმომადგენლები შეძლებენ ერთმანეთთან ურთიერთობას და, ამავდროულად, არ მოხდეს სხვა ენების მნიშვნელობის შემცირება. პრობლემის წარმოშობა ევროკავშირის ფარგლებში სამუშაო მიგრაციებს უკავშირდება.

გამოყენებითი ენათმეცნიერების კვლევები ხორციელდება ბალტიის ქვეყნებში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, შუა და სამხრეთ აღმოსავლეთში, აფრიკაში, ჩინეთში, ავსტრალიასა და ოკეანეთში. ამ რეგიონების ჩართულობით გროვდება ახალი მასალა დასავლური სამყაროსგან განსხვავებული გამოყენებითი ენათმეცნიერების პრობლემების შესახებ და იძლევა მათი ინტერპრეტირების, ავთენტიფიკაციის და წარმოჩენის საშუალებას.

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Grabe, William. “Applied Linguistics: A Twenty-First-Century Discipline.” Oxford Handbooks Online, 2010.
  2. Berns, Margie, and Keith Brown. Concise Encyclopedia of Applied Linguistics. Oxford: Elsevier, 2010.
  3. Ivić, P. , Hamp, . Eric P. and Lyons, . John. "linguistics." Encyclopedia Britannica, September 11, 2020.