გალილეო გალილეი
| გალილეო გალილეი | |
|---|---|
| იტალ. Galileo Galilei | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 15 თებერვალი, 1564[1] [2] [3] |
| დაბ. ადგილი | პიზა, ფლორენციის საჰერცოგო[2] [4] |
| გარდ. თარიღი | 8 იანვარი, 1642[1] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [3] [17] [18] (77 წლის) |
| გარდ. ადგილი | არჩეტრი, ტოსკანის დიდი საჰერცოგო[4] |
| დასაფლავებულია | სანტა კროჩეს ბაზილიკა |
| მოქალაქეობა |
ფლორენციის საჰერცოგო ტოსკანის დიდი საჰერცოგო |
| საქმიანობა | ასტრონომი[1] [19] [3] [17] , ფილოსოფოსი[1] [3] , მათემატიკოსი[1] [3] , ფიზიკოსი[1] [20] [17] , გამომგონებელი, ასტროლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერი[21] [22] [3] , ინჟინერი, ფილოსოფოსი[17] და პოლიტიკოსი |
| მუშაობის ადგილი | პადუის უნივერსიტეტი[5] და პიზის უნივერსიტეტი[5] |
| ალმა-მატერი | პიზის უნივერსიტეტი[5] [1] |
| განთქმული მოსწავლეები | Niccolò Arrighetti და Giuseppe Biancani[23] |
| პარტნიორ(ებ)ი | Marina Gamba |
| მეუღლე | |
| მამა | Vincenzo Galilei[5] |
| დედა | Giulia Ammannati |
| შვილ(ებ)ი | Vincenzo Gamba და Maria Celeste |
| ჯილდოები | International Space Hall of Fame[24] [25] |
| ხელმოწერა |
|
გალილეო გალილეი (იტალ. Galileo Galilei; დ. 15 თებერვალი, 1564, პიზა — გ. 8 იანვარი, 1642, არჩეტრი, ფლორენციის მახლობლად) — იტალიელი ფიზიკოსი, მექანიკოსი და ასტრონომი, ბუნებისმეტყველების ერთ-ერთი ფუძემდებელი, პოეტი, ფილოლოგი და კრიტიოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალილეი წარჩინებულ, მაგრამ ღარიბ ფლორენციულ ოჯახს ეკუთვნოდა. მამა – ვინჩენცო, ცნობილი მუსიკოსი იყო, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ბავშვის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. 11 წლამდე გალილეი ცხოვრობდა და სწავლობდა პიზაში, შემდეგ ოჯახი ფლორენციაში გადავიდა. განათლების გასაგრძელებლად გალილეი შეიყვანეს ვალომბროსის მონასტერში და მონაზონთა ორდენის მორჩილად გააწესეს. აქ გაეცნო ის რომაელ და ბერძენ მწერლებს თვალის მძიმე დაავადების გამო მამამ ყმაწვილი მონასტრიდან გამოიყვანა. მამისავე რჩევით 1581 წელს გალილეი შევიდა პიზის უნივერსიტეტში, სადაც შეისწავლა მედიცინა. აქ გაეცნო პირველად არისტოტელეს ფიზიკას. თავდაპირველად ეს საგანი არადამაჯერებლად მოეჩვენა. გალილეიმ დაიწყო ძველი დროის მათემატიკოსების – ევკლიდესა და არქიმედეს თხზულებათა კითხვა. არქიმედე გახდა მისი ნამდვილი მასწავლებელი. გეომეტრიით და მექანიკით გატაცებულმა გალილეიმ მიატოვა მედიცინა. იგი ფლორენციაში დაბრუნდა, სადაც 4 წელი დაჰყო; აქ მან შეისწავლა მათემატიკა. ცხოვრების ამ პერიოდს განეკუთვნება მცირე თხზულება „პატარა სასწორი“ (1586, გამოიცა 1655), რომელშიც აღწერილია მის მიერვე აწყობილი ჰიდროსტატიკური სასწორი ლითონის შენადნობთა შედგენილობის სწრაფი განსაზღვრისათვის და გეომ. გამოკვლევა სივრცითი ნაკვთების სიმძიმის ცენტრის შესახებ. გალილეიმ მიიღო მათემათიკის კათედრა და განაგრძო სამეცნიერო მუშაობა 1589 წელს პიზაში, 1592 წელს კი – პადუაში. პადუაში ცხოვრების პერიოდი (1592-1610) გალილეის შემოქმედების აყვავების მწვერვალია. ამ წლებში დაიწერა მისი გამოკვლევები სტატიკაში, სადაც ის ემყარება წონასწორობის საერთო პრინციპს, რომელიც შესაძლო გადაადგილების პრინციპს ემთხვევა. მომწიფდა მისი ძირითადი იდეები დინამიკაში სხეულთა თავისუფალი ვარდნის, ჰორიზონტის მიმართ კუთხით გასროლილი სხეულის მოძრაობის კანონების, ქანქარას რხევის იზოქრონიზმის შესახებ. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი გამოკვლევები მასალათა გამძლეობისა და ცხოველთა სხეულის მექანიკის შესახებს დაბოლოს, გალილეი პადუაში გახდა კოპერნიკის მიმდევარი.
ჰოლანდიაში სამზერი მილის გამოგონების შესახებ ცნობათა საფუძველზე 1609 წელს თვითონაც ააგო ჯერ ვ-ჯერადი, შემდეგ კი 32-ჯერადი გადიდების მქონე ტელესკოპი, რომლითაც აღმოაჩინა მრავალი მანამდე უცნობი ციური სხეული. მან უარყო არისტოტელეს მოძღვრება „იდეალური სფეროებისა“ და ცის სხეულთა სრულყოფილების შესახებ. კერძოდ, გალილეიმ შენიშნა მთები და კრატერები მთვარეზე, აღმოაჩინა იუპიტერის 4 თანამგზავრი, დაშალა გარსკვლავებად ირმის ნახტომი, ვარსკვლაგთა გამოსახულებების წერტილოვნების საფუძველზე აჩვენა მათი დაშორების გრანდიოზულობა. ამ შედეგებმა (თხზულება „ვარსკვლავთა მაცნე“, 1610–1611) უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ადამიანებზე, მაგრამ უნდობლობაც გამოიწვია. ზოგი მათ ოპტიკის ცდომილებებს მიაწერდა, ზოგიც უბრალოდ უარყოფდა, როგორც არისტოტელეს შეხედულებათა საწინააღმდეგოს.
შემდგომში გალილეიმ აღმოაჩინა ვენერას ფაზები, მზის ლაქები და ბრუნვა, შეისწავლა იუპიტერის თანამგზავრთა მოძრაობა. 1611 წელს მას საზეიმო შეხვედრა მოუწყეს რომის პაპის სასახლეში. მაგრამ 1613 წელს ცნობილი გახდა, რომ გალილეი იცავდა კოპერნიკის შეხედულებებს. იგი დაასმინეს ინკვიზიციაში. 1616 წელს იეზუიტთა კონგრეგაციამ კოპერნიკის თხზულება მწვალებლურად გამოაცხადა და გალილეის უბრძანა უარი ეთქვა მასზე. გალილეი ფორმალურად დაემორჩილა ამ გადაწყვეტილებას.
1630 წელს გალილეიმ დაწერა „დიალოგი მოქცევებისა და მიქცევების შესახებ“, სადაც სამი მოსაუბრის კამათში გადმოცემულია კოპერნიკის და პტოლემეს სისტემები. გალილეის მეგობრის, პაპ ურბან VIII-ის თანხმობით „დიალოგი“ დაიბეჭდა 1632 წელს. მალე ინკვიზიციამ წიგნის გაყიდვა აკრძალა და აღმრა პროცესი ავტორის წინააღმდეგ. 1633 წელს გალილეი იძულებული გახდა უარი ეთქვა კოპერნიკის მოძღვრებაზე და საჯაროდ მოენანიებია „ცოდვა“. გალილეი ინკვიზიციის ტყვედ გამოცხადდა, „დიალოგი“ აიკრძალა, მაგრამ პროტესტანტულ ქვეყნებში მაინც გამოქვეყნდა მისი თარგმანი. 1638 წელს ჰოლანდიაში გამოსცეს გალილეის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თხზულება „საუბრები და მათემატიკური მტკიცებანი რომლებიც ეხება მეცნიერების ორ ახალ დარგს...“. ნაშრომში შეჯამებულია გალილეის ფიზიკის გამოკვლევები და მოცემულია დინამიკის დასაბუთება. 1637 წელს გალილეი დაბრმავდა. იგი გარდაიცვალა 1642 წლის 8 იანვარს. მხოლოდ 1737 წელს აღსრულდა გალილეის უკანასკნელი სურვილი – მისი ცხედარი გადმოასვენეს ფლორენციაში და სანტა-კროჩეს ეკლესიაში მიქელანჯელოს გვერდით დაკრძალეს.
გალილეიმ უდიდესი გავლენა მოახდინა მექანიკის, ოპტიკისა და ასტრონომიის განვითარებაზე. მის შრომებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემის დამკვიდრებაში, დიდია გალილეის ღვაწლი მექანიკის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბების საქმეში. თუ მოძრაობის ძირითადი კანონი გალილეიმ ისე მკაფიოდ ვერ გამოთქვა, როგორც ი. ნიუტონმა, სამაგიეროდ ინერციის კანონი და მოძრაობათა შეკრების კანონი სრულად შეიმეცნა და გამოიყენა პრაქტიკული ამოცანებისათვის. სტატიკის ისტორია იწყება არქიმედედან, ხოლო დინამიკისა – გალილეიდან: მან პირველმა წამოაყენა მოძრაობის ფარდობითობის იდეა (გალილეის პრინციპი ფარდობითობისა), გადაწყვიტა მექანიკის მრავალი პრობლემა.
გალილეი აღიარებდა სამყაროს ობიექტურობას, სამყაროში ერთიან კანონთა არსებობას მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, მოითხოვდა სინამდვილის შესწავლას დაკვირვებებისა და ცდის საფუძველზე. გალილეის შემოქმედება არ შემოისაზღვრებოდა მხოლოდ მეცნიერებით; იგი იყო მუსიკოსი, მხატვარი ფილოლოგი და კრიტიკოსი. თავისი შრომების უმეტესი ნაწილი დაწერა ბრწყინვალე, ხალხური გამოთქმებით მდიდარი იტალიური ენით. პოლემიკური დიალოგის ოსტატი იყო და ხშირად მიმართავდა მას იდეურ მოწინააღმდეგეთა მხილებისას. გალილეის ეკუთვნის ფ. ბერნის მანერით დაწერილი „სატირა ტოგაში გამოწყობილთა შესახებ“, „მსჯელობანი ტასოს შესახებ“, რომელშიც მკაცრად გააკრიტიკა ტ. ტასოს „განთავისუფლებული იერუსალიმი“ ჰუმანისტური ტრადიციებიდან გადახვევის და ცხოვრებისეული სიმართლის უგულებელყოფის გამო. გალილეის თხზულებებმა ლიტერატურის შესახებ დასაბამი მისცა იტალიურ მეცნიერულ პროზას.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 640-641.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გალილეო და კათოლიკური ეკლესია დაარქივებული 2008-04-12 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 7 Deutsche Nationalbibliothek Record #118537229 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- 1 2 http://www-history.mcs.st-andrews.ac.uk/Biographies/Galileo.html
- 1 2 3 4 5 6 BeWeB
- 1 2 Галилей Галилео // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- 1 2 3 4 5 Berry A. A Short History of Astronomy — London: John Murray, 1898.
- ↑ MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Internet Philosophy Ontology project
- ↑ Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ AlKindi
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- 1 2 3 4 abART
- ↑ Base biographique — BIU Santé.
- ↑ Schilling G. The Hunt for Planet X — 2009. — გვ. 31.
- ↑ http://www.infoplease.com/biography/science-mathematicians.html
- ↑ http://www.nytimes.com/2003/08/12/science/12ESSA.html
- ↑ http://www.nytimes.com/2009/06/02/science/02essay.html?pagewanted=all
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ https://www.nmspacemuseum.org/inductee/galileo-galilei/
- ↑ Robert Crippen Inducted Into International Space Hall of Fame — Cocoa: 1991. — გვ. 62.
- დაბადებული 15 თებერვალი
- დაბადებული 1564
- გარდაცვლილი 8 იანვარი
- გარდაცვლილი 1642
- იდენტიფიკატორის თარგი, რომელშიც არის 31 ელემენტი
- იტალიელი ფილოსოფოსები
- იტალიელი ფიზიკოსები
- იტალიელი ასტრონომები
- ერეტიკოსები
- XVI საუკუნის იტალიელი მათემატიკოსები
- გალილეო გალილეი
- XVI საუკუნის იტალიელი მწერლები
- XVI საუკუნის მამაკაცი მწერლები
- XVI საუკუნის იტალიელი ასტრონომები
- XVII საუკუნის იტალიელი ასტრონომები
- XVII საუკუნის იტალიელი მათემატიკოსები
- XVII საუკუნის იტალიელი მწერლები
- XVII საუკუნის მამაკაცი მწერლები
- იტალიელი ასტროლოგები
- მეცნიერების ფილოსოფოსები
- პიზის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- XVII საუკუნის იტალიელი ფილოსოფოსები