ბულატი
ბულატი (რუს. Булат) — ჯავარდენის ფოლადის რუსული სახელწოდება, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში ხანდახან გამოიყენებოდა ქართულ ენაშიც. დამკვიდრებული მოსაზრებით, რუსული „ბულატი“ უნდა მომდინარეობდეს სპარსული „Pulad“-ისაგან, თუმცა მსგავსი ეტიმოლოგიის ტერმინი მრავალ ენაში გვხვდება: ქართული „ფოლადი“[1], სომხური „polovat“, ოსური „bulat“, თურქული „bolot“, მონღოლური „bolot“, ქურთული „pula/ pila“, ავღანური „polad“, ბელუჯური „puluad“, არაბული „pulad“, სირიული „paldah“, ფალაური „pulafat“ და ა.შ. ტერმინი სპარსული არ არის და ამ ეტაპზე მისი წარმომავლობა გაურკვეველია[2].
გ. მელიქიშვილის აზრით ტერმინი „Pulad“ უნდა მომდინარეობდეს ირანის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიკვლეულ ლურსმნულ წარწერაში მოხსენებულ ქვეყნის „Puluad“-ის სახელწოდებიდან. ეს უძველესი ქვეყანა, თანამედროვე ირანის ჩრდილო ნაწილში მდებარეობდა და რომლის ტერიტორიაზე მდიდარი რკინის საბადოები არსებობდა. შესაბამისად, გ. მელიქიშვილის აზრით ირანული ტერმინი „პულუად” („პოლავატ, პოლაპატ”) წარმოიშვა ძველი ჩრდილო ირანის ოლქის „puluadi“-საგან[3].
რუსულ ენაში სიტყვა „ბულატის“ ყველაზე ძველი მოხსენიება ივანე და თევდორე ვისოცკების მიერ გაცემულ სიგელს უკავშირდება, რომელიც 1504 წლით თარიღდება, მანამდე კი გამოიყენებოდა სიტყვა „ხარალუგა“. ამის შემდეგ ტერმინი „ბულატი“ იკაფავს გზას და სალიტერატურო ენაშიც მკვიდრდება[4]. თუმცა ქართული ენისგან განსხვავებით, სადაც ტერმინი „ფოლადი“ განზოგადდა და დამკვიდრდა ყველანაირი სახეობის ფოლადის აღსანიშნავად, რუსულ ენაში ტერმინმა „ბულატმა“ შეინარჩუნა ჯავარდენის გაგება და ის აღნიშნავს მხოლოდ სპეციალურ საიარაღო ფოლადს — ჯავარდენს.
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან შეინიშნებოდა ტენდენცია, რუსული ტერმინი „ბულატი“ ქართულ სალიტერატურო ენაშიც დამკვიდრებულიყო ჯავარდენის აღსანიშნავად[5][6], თუმცა ქართულ სალიტერატურო ენაში საიარაღო ფოლადების სახელწოდებების მრავალი ვარიანტი არსებობს, რომელთაგან უძველესია „ბასრი“, ასევე გვხდება „ფოლადი“ და „ჯავარდენი“, ხოლო ცალკეულ კუთხეებში ასევე ფიქსირებულია ლოკალური ტერმინებიც. ამდენად, რუსული სახელწოდების ხელოვნურად დამკვიდრების აუცილებლობას სპეციალისტები ვერ ხედავენ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Двалишвили Л.Б. Анализ грузинской традиционной терминологии, обозначающей булат и дамасскую сталь // Историческое оружиеведение. 2023. № 12. გვ. 109 - 162.
- ↑ დვალიშვილი ლ., თბილისური ფოლადი და ელიარაშვილები. თბ. 2023, გვ. 24.
- ↑ Меликишвили Г. А. О некоторых наименованиях металлов в древневосточных и кавказских языках. Вестник древней истории. N 4 (106). 1968, გვ. 122-127.
- ↑ Железнов В.Ф. Исторические сведения о булате в России. Сп типо-литография. С-П тюрьмы, 1906, გვ. 40.
- ↑ ჩოლოყაშვილი კ., ბულატის თბილისელი ოსტატები. მეცნიერება და ტექნიკა, #5, 1956, გვ. 15-16.
- ↑ თავაძე ფ., ინანიშვილი გ., ამაღლობელი ბ., სხმული ბულატის სტრუქტურული გამოკვლევა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. 108, N1. თბ.1982, გვ.113-116.