ბეჯნაზარის ეკლესიების კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბეჯნაზარის ეკლესიების კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაურში. კომპლექსი დგას ადგილ „ბეჯნაზარში“.

კომპლექსი მოიცავს ორ მცირე ზომის ეკლესიას და გალავანს. აღმოსავლეთით მდგარი ეკლესია უფრო ადრეული ჩანს (XVII საუკუნე). იგი დარბაზულია და ნაგებია ნატეხის ქვის ირეგულარული წყობით კირ-ხსნარზე (4X7 მ). სარკმელი ორი აქვს - დასავლეთის და აღმოსავლეთის კედელში. ორივე შიგნიდანაც და გარედანაც სწორკუთხაა, ოდნავ გაფართოვებული წირთხლით ინტერიერში. შესასვლელი კარი, უჩვეულოდ განიერი და თაღოვანია. ფასადზე ამყოლებად საკმაოდ მასიური ფეხზე ჩატანებული ქვებია გამოყენებული. წირთხლში საურდულე ფოსოები აქვს დატანებული. კედლები დასრულებული ყოფილა ტაძრის ზომისთვის ოდნავ უჩვეულოდ დიდი ზომის და ამავე დროს კარგად დამუშავებული ე.წ. ბატიყელა ფორმის ლავგარდნით, რომლისგანაც ამჟამად მხოლოდ სამხრეთის კედელზეა შემორჩენილი ორი ცალი. რითი იყო დახურული ეკლესია - ლორფინით თუ კრამიტით ამ ეტაპზე არ ირკვევა. ღრმა ნახევარწრიული აფსიდა მხრითაა გამოყოფილი დარბაზისგან. აფსიდის სამხრეთ და ჩრდ. კედლებში თითო მცირე ზომის კვატდატული ნიშაა დატანებული. სამხრეთი კედლის შუაში ფართო და თაღოვანი ნიშაა ამოჭრილი. ტაძარი დასრულებულია კონქითა და სხმული, ნახევარცილინდრული კამარით.

მეორე ეკლესია პირველისგან დასავლეთით 10-იოდე მეტრში დგას. ეს პირველთან შედარებით ცოტა მოგვიანებით უნდა იყოს აგებული (XVII-XVIII სს.) და მონოფიზიტი მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი. ეკლესია დარბაზულია (4,3X6,1 მ). ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით კირ-დუღაბზე. კუთხეებში და კარის გამოსაყვანად კარგად დამუშავებული კვადრებია ნახმარი. სარკმლებიდან არც ერთი არაა შემორჩენილი, შესაბამისად მათი რაოდენობა და ფორმა გაურკვეველია. კარი დასავლეთიდან აქვს. ფასადზე კარგად ნათალი არქიტრავითაა დასრულებული, რომლის შიდა მხარეს, შუბლზე ორი საკარე და საურდულე ფოსოა ამოკვეთილი. კარს ასეთივე კარგად ნათალი ნაოთხალიანი ამყოლები აქვს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი უფრო ადრეული ეკლესიის კუთვნილება იყო და მეორადად გამოიყენეს. ნახევარწრიული აფსიდა მხრითაა გამოყოფილი. აფსიდაში ორი სწორკუთხა ნიშაა გაკეთებული. აფსიდის მხრის წინ, ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი სანათლავია დატანებული მონოფიზიტური ლიტურგიული წესის შესაბამისად. ეკლესიის კედლების მაქსიმალური შემორჩენილი სიმაღლე 2 მეტრია, ამიტომ მისი გადაწყვეტის დამატებითი დეტალები არ ირკვევა. ტაძრების გარშემო XVIII საუკუნის სასაფლაოა. მათ შორის არის ადამიანისა და მაკრატლის გამოსახულებიანი, ორი დარახტული ცხენის გამოსახულებიანი და მებრძოლი მამაკაცის და ჭურჭლის გამოსახულებიანი ქვები. ტაძრებს გარს უვლიდა ყორეგალავანი, რომელიც ახლა 30 სმ-ის სიმაღლეზეა შემორჩენილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39427