ალექსანდრე ბაქრაძე (მეტყევე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბაქრაძე, ალექსანდრე ივანეს ძე)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაქრაძე.

ალექსანდრე ივანეს ძე ბაქრაძე (დ. 1850, თბილისი — გ. ოქტომბერი, 1900, იქვე) — ქართველი მეტყევე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ბაქრაძის მამა — ივანე, წარმოშობით რაჭის მაზრიდან ყოფილა. თბილისში სამხედრო განეთლება მიუღია. საცხოვრებლად აქ დამკვიდრებულა და შტაბის ოფიცრის ჩინამდე მიუღწევია. შვილი სასწავლებლად თბილისის პირველ გიმნაზიაში მიუბარებია. ალექსანდრეს გიმნაზია წარმატებით დაუსრულებია და სწავლის გასაგრძელებლად იმპერიის დედაქალაქში — პეტერბურგში გამგზავრებულა; ჩარიცხულა მაშინდელ მიწათმოქმედებისა და სატყეო ინსტიტუტში.

აღნიშნული ინსტიტუტი დაუმთავრებია 1875 წელს და მოუპოვებია სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის კანდიდატის ხარისხი. ამავე წელს შესაბამისი საიმპერატორო მმართველობის, კერძოდ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის განკარგულებით ის ჩაირიცხა ე. წ. „მეტყევეთა კორპუსში“ და დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის — მიხეილ რომანოვის კუთვნილ ბორჯომის საუფლისწულო ტყეების მმართველად.

ის იქედან მალევე გადაჰყავთ თბილისის გუბერნიის თეთრიწყაროს სატყეოს უფროსად. ამის შემდეგ, იმავე წლის აგვისტოდან დაინიშნა ქუთაისის გუბერნიის მთავარ მეტყევედ. ამ თანამდებობაზე მისი ყოფნის დროს პირველად დაიწყო სახელმწიფო მიწების, მათ შორის ტყეების გამიჯვნის პროცესი.

1878 წლის კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს ბრძანებით ა. ბაქრაძე სახელმწიფო ტყეების მოწყობის დაჩქარების მიზნით ინიშნება ტაქსატორად და სატადარიგო მეტყევედ სახელმწიფო ქონებათა სამმართველოში. სწორედ მაშინ დაინტერესდა ალ. ბაქრაძე კავკასიის მთის ტყეების მოწყობის (ცნობაში მოყვანის) თავისებურებებით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ სამუშაოთა დიდი შრომატევადობისა და შესაბამისი პროფესიული კადრების ნაკლებობის (ან არ არსებობის პირობებში) ტყეების აღრიცხვა (ინვენტარიზაცია) და პირველადი დოკუმენტაციის მომზადება შესაძლებელი იყო მხოლოდ რამდენიმე განზოგადოებული, თვალზომიერი-საორიენტაციო მონაცემებით. ამის უზრუნველსაყოფად მან შეასრულა მეტად შრომატევადი გაანგარიშებები ტყის ყველა სამეურნეო სახეობისა და ბონიტეტისათვის მიმდინარე შემატების ზოგადი საორიენტაციო ცხრილების შედგენის მიზნით.

1884 წელს ალ. ბაქრაძეს ირჩევენ კავკასიის საიმპერატორო სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ნამდვილ წევრად.

ალ. ბაქრაძემ განსაკუთრებული არგუმენტირებული მოსაზრებები ჩამოაყალიბა 1884 წელს გამოცემული, ე. წ. „ტყის დაცვის“ კანონის პროექტში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების საჭიროების შესახებ, რომელიც თავის დროზე გამოქვეყნდა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების შრომებში.

ალ. ბაქრაძემ აქტიური მონაწილეობა მიიღო 1888 წლის ტყეთმოწყობის ინსტრუქციის გადამუშავებაში და მისი ცალკეული პუნქტების, მთიანი ტყეებისათვის მისადაგების, დებულებების დამტკიცებაში.

1880-იან წლებში ალ. ბაქრაძეს აგზავნიან ჩრდილოეთ კავკასიის ტყეთმოწყობის სამუშაოების ხელმძღვანელად. აქ მან მეცნიერულ-ტექნიკურ დონეზე, პირველად დაამუშავა კავკასიის ნაირხნოვანი, რთული აღნაგობის კორომების ტყეთმოწყობის და ტაქსაციის საკითხები; კერძოდ, გაიანგარიშა ზრდის მსვლელობის ცხრილები, დაადგინა ჭრის სისტემები, ჭრის ხნოვანობა, ტყის ბუნებრივი განახლების თავისებურებანი. მისი წინადადებით, 1895 წლიდან პირწმინდა ჭრები წიფლნარ კორომებში შეიცვალა უფრო პროგრესული, ამორჩევითი ჭრების წარმოებით.

1889 წელს ალ. ბაქრაძეს ირჩევენ კავკასიის სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმიანობის განმკარგულებელი კომიტეტის წევრად, ხოლო 1898 წელს, მისი უშუალო მონაწილეობით ჩატარდა საბაღო კულტურების მოღვაწეთა კავკასიის პირველი ყრილობა.

1890 წლიდან ალ. ბაქრაძე ხელმძღვანელობდა სახაზინო და კერძო მფლობელობაში მყოფი ტყეების ტყეთმოწყობის სამუშაოებს.

ალ. ბაქრაძეს მრავალჯერ გადაეცა პრემია სატყეო შემოსავლების გაზრდისათვის, დიდი, სასარგებლო შრომისათვის სახაზინო ტყეებში მეურნეობის წარმოების სრულყოფის სფეროში. მიღებული ჰქონდა საპატიო ორდენები და წოდებები.

გარდაიცვალა 1900 წლის ოქტომბერში, ორმოცდაათი წლის ასაკში გულის შეტევით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რევაზ ობოლაძე, „საქართველოს ტყეების და სატყეო საქმის დიდი მოამაგენი“, 2015 წელი