ბარბარესკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როგორც წითელ ღვინოთა უმრავლესობა, ბარბარესკოც ასაკთან ერთად უფრო ღია, აგურისფერი ხდება. ფოტოზეა 1976 წლის ბარბარესკო

ბარბარესკო ნებიოლოს ჯიშის ყურძნისგან დამზადებული იტალიური ღვინოა. ბარბარესკო იწარმოება პიემონტის რეგიონში, ლანგედან ალბამდე (ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში), განსაკუთრებით ბარბარესკოს, ტრეისოსა და ნეივეს დასახლებებში, ასევე სან როკო სენო დ'ელვიოს მხარეში, რომელიც ადრე ბარბარესკოს თემს ეკუთვნოდა, თუმცა ახლა ალბას მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის. მას 1966 წელს დაცული ადგილწარმოშობის დასახელება (DOC) მიენიჭა, ხოლო 1980 წელს დაცული და კონტროლირებული ადგილწარმოშობის დასახელება (DOCG). ბარბარესკოს ხშირად ადარებენ ბაროლოს, რომელიც ასევე ნებიოლოს ყურძნისგან მზადდება და ასევე პიემონტშია წარმოებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ღვინოს საერთო მახასიათებლები საკმარისად გააჩნიათ, მათ შორის მკვეთრი განსხვავებებიც არსებობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარბარესკოს ფართოდ მიღებულ დაბადების თარიღად 1894 წელი ითვლება, როცა კანტინა სოჩიალე დი ბარბარესკო ჩამოყალიბდა, ვინაიდან მანამდე ბარბარესკოს არეალში მოსულ ნებიოლოს ჯიშის ყურძენს ბაროლოს მწარმოებლებზე ყიდიდნენ.[1] დომიციო კავაცამ, მოდენაში დაბადებულმა შესანიშნავმა ახალგაზრდა აგრონომმა, 1881 წელს ალბას სამეფო ენოლოგიური სკოლა დააარსა. მას მალევე შეუყვარდა ბარბარესკო, რის გამოც 1886 წელს ფერმა და ვენახი შეიძინა. აღნიშნულ ვენახში მან ნებიოლოს ჯიშის ყურძენი მოაშენა და ცხრა თანამოაზრესთან ერთად ზემოთხსენებული კანტინა სოჩიალე ჩამოაყლიბა. ეს კასრებითა და ღვინის წარმოებისთვის საჭირო მოწყობილებიბით აღჭურვილი გაერთიანება იყო. სწორედ მათ დაამზადეს პირველი ღვინოები, რომელთაც ოფიციალურად შეიძლება ბარბარესკო ეწოდოს. კარგი დასაწყისის შემდეგ, ბარბარესკოს რთული ხანა დაუდგა, ჯერ პირველი მსოფლიო ომის, შემდეგ კი კავაცას ნაადრევი გარდაცვალების გამო.[1]

ბარბარესკო სიცოცხლეს 1950-იან წლებში, ენერგიული მეღვინეების ახალი თაობის მეშვეობით დაუბრუნდა. მათ შორის იყვნენ ბრუნო ჯაკოზა, ანჯელო გაია და ადგილობრივი მრევლის მღვდელი დონ ფიორინო მარენგო, რომელმაც პროდუტორი დელ ბარბარესკო დააარსა. ეს იყო ერთგვარი მარანის კოოპერატივი, რომელიც კავაცას თავდაპირველ ხედვას იზიარებდა, ანუ გამორჩეული ღვინის დამზადებასა და ახალგაზრდა ფერმერების სოფლიდან მასიური გადინების შეჩერებას გულისხმობდა.

1960-იანი წლების ბოლოსკენ, გაიასა და ბრუნო ჯაკოზას ღვინის ქარხნებში დამზადებული ბარბარესკო წარმატებით გავიდა იტალიის საზღვრებს მიღმა.[2] პროდუტორის კოოპერატივი მთელს იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი მარანი გახდა და ამან ბარბარესკოს ბევრი მიწათმფლობელი დაუბრუნა მშობლიურ ვენახს ხარისხიანი ღვინის შექმნის მიზნით.

ვენახი ტრეიზოში

ღვინის რეგიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

• ბარბარესკო - ქალაქ ბარბარესკოს გარშემო არსებული ვენახები ღვინის წარმოების 45%-ს შეადგენს.

• ნეივე - ბარბარესკოს აღმოსავლეთით მდებარე ნეივე, ღვინის წარმოების 31%-ზეა პასუხისმგებელი.[3]

• ტრეიზო - შედარებით მცირე არეალის მქონე, ბარბარესკოს სამხრეთით მდებარე ტრეიზო, წარმოებული ღვინის 20%-ს შეადგენს.

ღვინოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

DOCG-ის რეგულაციებით, ბარბარესკოს ღვინოები გამოშვებამდე სულ მცირე 2 წლით უნდა იყოს დაძველებული (აქედან მინიმუმ 9 თვე მუხის კასრში), ხოლო იმისთვის რომ ის რიზერვად (იტალ. riserva - მარაგი, რეზერვი) იყოს მიჩნეული მინიმუმ 4 წლიანი დაძველებაა საჭირო. ასევე მინიმალური ალკოჰოლური შემცველობა 12.5% უნდა იყოს, თუმცა ღვინოთა უმეტესობას 13.5% აქვს. ბარბარესკოს მაღალი დონის ღვინოები რთველის შემდეგ 5-10 წლით უნდა იყოს დაძველებული, ვინაიდან ისინი ძალიან ტანინიანია და ზოგიერთი 20 წლის შემდეგაც კი სასიამოვნო დასალევია. ტიპურ ბარბარესკოს ვარდებისა და იების ბუკეტი აქვს, ალუბლის, ტრუფელების, ცერეცოსა და ძირტკბილას ტონებით.[2] ასაკთან ერთად ღვინომ შესაძლოა კვამლის ნოტები შეიძინოს, ისევე როგორც უფრო მეტად მიწიერი და ცხოველური არომატები, როგორებიცაა ტყავი და გუდრონი.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Riconoscimento della denominazione di origine controllata e garantita del vino "Barbaresco": Disciplinare di produzione pdf - regione.piemonte.it (იტალიური)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Kerin O'Keefe, Barolo and Barbaresco: the King and Queen of Italian Wine, California University Press, 2014, ISBN 9780520273269
  2. 2.0 2.1 Jancis Robinson (ed), "The Oxford Companion to Wine", Third Edition, pg 62, Oxford University Press, 2006, ISBN 0-19-860990-6
  3. Mary Ewing-Mulligan & Ed McCarthy, Italian Wines for Dummies, pg 48-49, Hungry Minds, 2001, ISBN 0-7645-5355-0
  4. H. Johnson & J. Robinson, The World Atlas of Wine, pg 161, Mitchell Beazley Publishing, 2005, ISBN 1-84000-332-4