ახალი ძალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ახალი ძალა“ — ორკვირეული ჟურნალი, ეროვნულ-დემოკრატიული ახალგაზრდობის მთავარი კომიტეტის პერიოდული ორგანო. ჟურნალის დასათაურება და მიზანდასახულობა ნათლადაა ახსნილი მიხეილ ხერხეულიძის წინასიტყვაობაში. ავტორი საუბრობს საქართველოში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე და იმედის თვალით შეჰყურებს ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ერთობას, „ლამაზ ჭაბუკს“, რომელიც არსებული ვითარების შეცვლას შეძლებს და ქვეყანას კრიზისული სიტუაციიდან გამოიყვანს. წერილში ნათქვამია, რომ ამ დიდი მიზნის მისაღწევად ახალ პოლიტიკურ ძალას საკუთარი პერიოდული ორგანო დაეხმარება.

პროფილიდან გამომდინარე, ჟურნალი უპირატესობას ანიჭებს პოლიტიკურ თემატიკას და ყურადღებას ამახვილებს ქართულ პოლიტიკურ ველზე არსებული პარტიებისა და პოლიტიკური დაჯგუფებების საქმიანობაზე. გამოცემაში გვხვდება მსგავსი შინაარსის არაერთი პუბლიკაცია. მათ შორისაა ფსევდონიმით „მ. კ-ლი“ ხელმოწერილი სტატია „ახალი ძალა“, რომელშიც საუბარია საქართველოში მოქმედ ორ მთავარ მეტოქე პოლიტიკურ ძალაზე — სოციალ-დემოკრატიულ და ეროვნულ დემოკრატიაზე, მათ მსოფლმხედველობრივ თავისებურებებზე. ავტორი ერის გამაერთიანებელ ძალად სწორედ ახალ პოლიტიკურ ერთობას მიიჩნევს.

გ. ფერაძის წერილში „მთლიანი საქართველო“ ყურადღება გამახვილებულია ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაზე, მის ამოცანებსა და მიზნებზე. სოციალ-დემოკრატიული პარტიის კრიტიკასა და პარტიული დიფერენციაციის საკითხებს ეძღვნება ვ. მერკვილაძის „პოლიტიკური შენიშვნები“ და სხვ. პოლიტიკური სტატიების გარდა, ჟურნალი გარკვეულ ადგილს უთმობს კულტურის, ხელოვნებისა და განათლების საკითხებს. საყურადღებოა მიხ. კიაზაშვილის „დრამატული ხელოვნება და ახალი მსახიობი“, სადაც ავტორი თეატრალურ ცხოვრებაში არსებულ სირთულეებზე მიაპყრობს მკთხველის ყურადღებას. თბილისში უნივერსიტეტის გახსნას ეხმაურება წერილი „აწმყო მომავლის ხიდია“, რომელშიც ავტორი, ფსევდონიმით „გოგლი“, ქვეყნისთვის უნივერსიტეტის უდიდეს მნიშვნელობაზე საუბრობს. ჟურნალში იბეჭდება გრ. მეგრელიშვილის ლექსი „საგალობელი“. ეს ერთადერთი მხატვრული ტექსტია, რომელიც ჟურნალის ამ ნომერში დაისტამბა. ჟურნალში ჭარბადაა წარმოდგენილი ინფორმაციული მასალა - მოკლე ცნობები როგორც პარტიული, ისე ზოგადად ქვეყნის ცხოვრებიდან; გვხვდება შეტყობინებები საერთაშორისო ვითარების შესახებ. მაგალითად, ამ მიზანს ემსახურება რუბრიკა: „გერმანია-ოსმალეთის ამბები“. მთლიანობაში, „ახალი ძალა“ ამართლებს თავის ამოცანას და დამფუძნებელი პოლიტიკური ძალის ინტერესებს ემსახურება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შამილიშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 49.