აფორიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფორიზმი: (ბერძნ. αφοριζειν, aphorismos - მოკლე გამონათქვამი), დახვეწილი, ლაკონიური ფორმით გამოთქმული ბრძნული აზრი. შეიძლება იყოს პოეტურიცა და პროზაულიც. ხშირად დიდი მწერლების შემოქმედებაში. ქართულ ლიტერატურაში აფორიზმის დიდოსტატია რუსთაველი ("სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი", "ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისი მტერია" და სხვა). აფორიზმი არსებობს ჩანართებისა და დამოუკიდებელი ჟანრის ფორმითაც (მაგ., XVIII საუკუნის გერმანელ მოაზროვნის გ. კ. ლიხტენბერგის "აფორიზმები"). ეს ჟანრი პოპულარული იყო საფრანგეთშიც (ბ. პასკალი, ფ. ლაროშფუკო, ჟ. ლაბრუიერი, ს. რ. შამფორი). ფრანგულ ლიტერატურაში გავრცელებული "აზრები" და "მაქსიმები" (ფრანგ. "maxime" - მორალის, ზნეობის ძირითადი პრინციპების მოკლე ფორმულა) აფორისტული ხასიათისაა. ლიტერატურაში ცნობილია ე. წ. "აფორისტული სტილი", რომლისთვისაც დამახასიათებელია უკიდურესი ლაკონიზმი. XIX საუკუნის გერმანელ ფილოსოფებს ა. შოპენჰაუერისა და ფ. ნიცშეს წერის მანერა აფორისტული სტილის ნიმუშს წარმოადგენს. აფორიზმი ჭარბად გვხვდება იგავარაკული ჟანრის ნაწარმოებებში ("ჰიტოპადეშა", ესოპე, ფედრუსი, საადი, ჟ. ლაფონტენი, სულხან-საბა ორბელიანი, ი. კრილოვი და სხვა), უხვად არის გაბნეული ზეპირსიტყვიერებაშიც. მრავალი აფორიზმი საერთოდ ფოლკლორიდან მიმდინარეობს.

ლიტერატურა[რედაქტირება]