არბალეტი (სასროლი იარაღი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არბალეტი (ფრანგული arbalete, ინგლისური - arblast) – სატყორცნი იარაღი; ხის კონდახზე დამაგრებული ფოლადის მშვილდი სასხლეტი მექანიზმით. გავრცელებული იყო შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. არბალეტით ისროდნენ მოკლე ისრებს. არბალეტის დახელოვნებული მსროლელი წუთში ორი ისრის ( რომელსაც ბოლტი ( ინგ. Bolt) ეწოდება) გასროლას ასწრებდა. ტერმინი არბალეტი წარმოდგება შუა საუკუნეების ფრანგული ენიდან, თუმცა სათავეს რომაული სიტყვიდან arcuballista იღებს, რომელიც ითარგმნება როგორც ,, ისრის მსროლელი ხელსაწყო“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არბალეტის მსგავსი მოდელები ძველი ბერძნებიდან მოყოლებული სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხალხის მიერ გამოიყენებოდა, თუმცა დროდადრო მათი გამოყენების ინტენსივობა კლებულობდა. მაგ; ბიზანტიელები და არაბები ცხენდაცხენ ბრძოლას ამჯობინებდნენ, ასეთ ბრძოლაში უპირატესობა მშვილდ-ისარს მიენიჭა. არბალეტი ევროპაში განსაკუთრებით პოპულარული გახდა XII საუკუნიდან. მშვილდთან შედარებით ის გაცილებით უკეთესი იყო სიზუსტესა და სიძლიერეში, თუმცა ჩამორჩებოდა სროლის რადიუსსა და სისწრაფეში. მშვილდის სრულყოფილად დაუფლებას დიდი დრო სჭირდებოდა, არბალეტით სროლის შესასწავლად კი რამდენიმე დღე საკმარისი იყო. საომარი მოქმედებებისას გამოიყენებოდა სხვადასხვა სიდიდის არბალეტები, როგორც ხელით სასროლი, ასევე ძალიან დიდი ზომის, რომაული ბალისტების მსგავსი არბალეტები. არბალეტში ლარი ძალიან დაჭიმულია, როცა მეომარი სასხლეტს გამოჰკრავდა, ისარი საშინელი სისწრაფით მიქროდა მიზნისაკენ. არბალეტების რეგულარული გამოყენება ჯვაროსნულ ეპოქაში დაიწყო, რასაც მსხვერპლის გაზრდა მოჰყვა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ რომის პაპმა ინოკენტი III მისი გამოყენება ქრისტიანების წინააღმდეგ აკრძალა და არბალეტის გამოყენება მხოლოდ ,,ურწმუნოების“ წინააღმდეგ იყო დაშვებული. მიუხედავად ამისა არბალეტს ევროპელები ერთმანეთის საჟლეტად ისევ იყენებდნენ. ასწლიანი ომის დროს კარგად გამოჩნდა არბალეტის უპირატესობაც და ნაკლიც. გრძელი მშვილდით შეიარაღებული ინგლისელები სროლის ინტენსივობით ჯობნიდნენ ფრანგებს, სამაგიეროდ ფრანგების არბალეტი ინგლისელების ჯავშანს ხვრეტდა. არბალეტის საკმაოდ რთული მექანიზმის გამო არცთუ იშვიათი მისი შემთხვევითი გასროლები, რაც უსიამოვნო და სახიფათო სიურპრიზს წარმოადგენდა. XVI საუკუნიდან არბალეტმა, როგორც საბრძოლო იარაღმა თანდათან თავისი ადგილი დაუთმო ცეცხლსასროლ იარაღს. თუმცა მისი მოდერნიზებული ( დაპატარავებული და წონაში შემცირებული) ვარიაცია კიდევ დიდხანს იყო ნადირობის ელიტური იარაღი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ramsey, Syed (September 2016).
  • Oxford English Dictionary (Online ed.).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]