ანზორ ფირცხელიანის საცხოვრებელი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანზორ ფირცხელიანის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ წვირმში. ანზორ ფირცხელიანის კოშკის ხედვის არეალს მნიშვნელოვნად ზღუდავს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც კოშკის სამ ფასადზეა ერთდროულად მიშენებული აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ მხარეს.

კოშკის ზურგის ფასადზე მაღალი ხის ფარდულია მიდგმული; მომცრო ფარდულია საცხოვრებელი სახლის სამხრეთ ფასადის კუთხეში და აღმოსავლეთ ფრთის გასწვრივაც. სწორკუთხა გეგმარების სახლის პირვანდელი კარკასი დუღაბით ამოყვანილი ფიქალით არის ნაშენი, მოგვიანებით პირველი სართულის ფიქალის კედლებს ბლოკითა და ცემენტით ნაშენი მეორე სართული დაედგა.

სახლის გვერდითა და წინა ფრთები კოშკზე მიდგმული ცალფერდა თუნუქის საბურავით არის გადახურული. ფართო კარ-სარკმლის სწორკუთხა ღიობებით დატიხრული სახლის ძველი და ახალი კარკასი მეოცე საუკუნის შუა წლებიდან უნდა იყოს ნაგები. დარბაზ-მაჩუბის სტრუქტურით აშენებული სახლის პირველი სართული, შედარბით მომცრო სარკმლის ღიობებით, ბოსლად და სამეურნეო ფუნქციით გამოიყენებოდა, ხოლო მეორე სართული, გარემოს განიერი, ხალვათი კარ-სარკმლის ღიობებით რომ ეხსნება - საცხოვრებელ ფართს ჰქონდა დათმობილი. სახლის ძველი კედლები მხატვრული ალღოთი ნაშენია, რასაც სრულიად მოკლებულია ახალი ბლოკის კედლები.

სახლი მიტოვებული და გაპარტახებულია: დიდ ფართობზე ჩამოქცეულია საბურავი; პირველი სართულის სარკმლის ღიობები აჭედილია ფიცრებით, ხოლო მეორე სართულის მინებჩამსხვრეული და ნაწილობრივ ღიად დარჩენილია. ანზორ ფირცხელიანის კოშკის კომპლექსი, თავისი საცხოვრებელი სახლით საკმაოდ მნიშვნელოვანი ძეგლია ურბანული თავლსაზრისით, რომლის დაცვა-შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 35109