ანდრეი კოლმოგოროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრეი კოლმოგოროვი

ანდრეი კოლმოგოროვი (რუს. Андре́й Никола́евич Колмого́ров; დ. 25 აპრილი, 1903, ტამბოვი ― გ. 20 ოქტომბერი, 1987, მოსკოვი) ― საბჭოთა მათემატიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვნად წინ წასწია ალბათობის თეორიისა და ტოპოლოგიის სფეროები. კარიერის ადრეულ წლებში მუშაობდა ინტუიციონისტურ ლოგიკაზე, და ფურიეს მწკრივებზე. შემდგომში ის ასევე მუშაობდა ტურბულენციაზე და კლასიკურ მექნიკაზე; ის იყო ალგორითმული კომპლექსურობის თეორიის დამფუძნებელი.

კოლმოგოროვი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი იყო. ის სწავლობდა ნიკოლაი ლუზინთან, მიიღო რა დოქტორის ხარისხი 1925 წელს, 1931 წელს კი უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. 1939 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ტიტული მიენიჭა. შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები ტრიგონომეტრიულ მწკრივთა თეორიაში, ზომის თეორიაში, სიმრავლეთა თეორიაში, ინტეგრალის თეორიასა და ფუნქციათა მიახლოების თეორიაში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კონსტრუქციული ლოგიკის, ტოპოლოგიის, ფუნქციონალური საკითხების დამუშავებაში. დიდი მნიშვნელობა აქვს კოლმოგოროვის მიერ მიღებულ შედეგებს ალბათობის თეორიაში. მან რამდენიმე რთული პრობლემა ამოხსნა ალბათობის თეორიაში, ააგო მისი აქსიომატიკა 1933. კოლმოგოროვმა განავითარა სტაციონარული-შემთხვევით პროცესთა თეორია და სტაციონარული ნაზრდის მქონე პროცესების თეორია. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფორმაციის თეორიის განვითარებაში. აქტირურად მონაწილეობდა საშუალო სკოლებსა და უნივერსიტეტებში მათემატიკური განათლების საკითხების დამუშავებაში.

ანდრეი კოლმოგოროვი არის პარიზის მეცნიერებათა აკადემიის, ლონდონის სამეფო საზოგადოებისა და სხვ. საზღვარგარეთული აკადემიების წევრი. მიღებული აქვს ბალზანას საერთაშორისო პრემია 1963, სახელმწიფო პრემია 1941 და ლენინური პრემია 1965. დაჯილდოებულია ლენინის 6 ორდენით, წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]