ანგოლდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანგოლდივაშლის ჯიში. მიღებულია 1993 წელს ჩეხეთის მეხილეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სელექციური პროგრამის (ი. ბლაჟეკი) განხორციელების შედეგად, ჯიშების — A28/39 (ანტონოვკა × თავისუფალი დამტვერვა) და გოლდენ დელიშესის შეჯვარებით. საქართველოში შემოტანილია 2010 წელს, ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის (2014 წლიდან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სოფ. ჯიღაურას ექსპერიმენტული ბაზა) მიერ.[1]

საშუალო ზრდის, გაშლილი განიერპირამიდული ფორმის ხეა განტოტვილი ვარჯით. აქვს გრძელი სანაყოფე ტოტები; საშუალო სიდიდის, მუქი მწვანე და პრიალა ფოთლები. ყვავილი საშუალო ზომის და ღია ვარდისფერია. ისხამს საშუალოზე მსხვილ ან მსხვილ (მასა 205–230 გ), მომრგვალო ფორმის ნაყოფს. აქვს სწორი და გრძელი ყუნწი. ნაყოფი ძირითადად მომწვანო-ყვითელია და დაფარულია წითელი მფარავი შეფერვით. რბილობი ყვითელი, საშუალოდ მკვრივი კონსისტენციისა და წვნიანია, აქვს კარგი საგემოვნო თვისებები (მომჟავო, ოდნავი არომატით). ერთი ხის საშუალო მოსავალი 13,5–16,4 კგ-ია (1 ჰა-ზე, 3000 ხეზე გაანგარიშებით, 40,5–49,2 ტონა).[1]

ჯიში ქეცისადმი იმუნურია, მაგრამ მიმღებიანია ნაცრის მიმართ. მაღალხარისხოვანი სადესერტო მიმართულების, ზამთრის სიმწიფის პერიოდის ჯიშია. აპრილ-მაისამდე კარგად ინახება სამაცივრო პირობებში (0–1 °C).[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ბობოქაშვილი ზ., მაღლაკელიძე ე., საქართველოს ხეხილი : ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები, თბ.: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, 2020. — გვ. 16–17, ISBN 978-9941-8-2501-9.