ამინა ოკუევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამინა ოკუევა
Окуєва Аміна Вікторівна
5 ივნისი, 1983 — 30 ოქტომბერი, 2017
Amyna Okueva.jpg
მეტსახელი სურა
ეროვნება ჩეჩენი
დაბადების თარიღი 5 ივნისი, 1983
დაბადების ადგილი ოდესა, უსსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 30 ოქტომბერი, 2017 (მკვლელობა)
გარდაცვალების ადგილი სოფელი გლევახა, ვასილკოვის რაიონი, კიევის ოლქი, უკრაინა
კუთვნილება უკრაინის შსს
სამხედრო სამსახურის წლები 2014-2017
წოდება პოლიციის ლეიტენანტი
ნაწილი ჯოხარ დუდაევის ბატალიონი
ბრძოლები/ომები უკრაინის ომი
ჯილდოები ორდენი „უკრაინის სახალხო გმირი“
კავშირი ადამ ოსმაევი

ამინა ოკუევა (დაბადებისას ნატალია ნიკიფოროვა[1], შემდგომში ანასტასია მუსტაფინოვა[1] დ. 5 ივნისი, 1983, ოდესა, უსსრ, სსრკ — გ. 30 ოქტომბერი, 2017, გლევახა, ვასილკოვის რაიონი, კიევის ოლქი, უკრაინა) — ჩეჩნური წარმოშობის უკრაინელი ექიმი, სამოქალაქო აქტივისტი და სამხედრო. იყო 2014 წლის უკრაინის რევოლუციის მონაწილე, ასევე, ბატალიონ „კიევ-2“-ის შემადგენლობაში მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში აღმოსავლეთ უკრაინაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამინა ვიქტორის (ვახიტის) ასული ოკუევა დაიბადა 1983 წლის 5 ივნისს ოდესაში ირინა ანატოლის ასული ნიკიფოროვას (ქალიშვილობაში კამინსკაია) და მამინაცვლის ვიქტორ სერგის ძე ნიკიფოროვის ოჯახში[1]; ირინა მუშაობდა უკრაინულ მედია ჰოლდინგში, ვიქტორი კი მუზეუმის თანამშრომელი იყო, 2000-იან წლებში იყო „აღმოსავლური და დასავლური კულტურის მუზეუმის“ დირექტორი[1]. თავად ამინა აკუევას ცნობით, მისი ბიოლოგიური მამა წარმოშობით ჩეჩენი იყო, ხოლო დედა პოლონელია ჩრდილო კავკასიიდან. უკრაინულ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა გროზნოსა და მოსკოვში. 1999 წლიდან მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე ომში ჩრი-ის მხრიდან. უკრაინაში დაბრუნდა 2003 წელს და ჩააბარა ოდესის სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც საერთო ქირურგიის განხრით დაამთავრა. სწავლის დასრულების შემდგომ მუშაობდა ექიმ-ინტერნად ოდესაში. 2014 წლის აქციების დროს ჩადგა ევრომაიდანის თავდაცვის რიგებში საველე ექიმის სახით ავღანური მერვე ასეულის შემადგენლობაში. როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის ივლისში ომი დაიწყო, ჩადგა ბატალიონ „კიევ-2“-ის რიგებში ფერშალად, თუმცა როგორც თვითონ მოგვიანებით ამბობდა, სამედიცინო საქმეებით ნაკლებად იყო დაკავებული. მონაწილეობდა დებალცევოს დაცვაში, სადაც საბრძოლო დავალებებს ჩერნუხინოსა და ლუგანსკის ოლქში ასრულებდა. შემდგომ მსახურობდა ბატალიონ „ოქროს კარიბჭეში“ (უკრ. Золоті ворота). მონაწილეობდა ჯოხარ დუდაევის სახელობის ჩეჩნური სამშვიდობო ბატალიონის ჩამოყალიბებაში, სადაც ბატალიონის პრეს-ოფიცერად მსახურობდა. აქტიურად იბრძოდა უკრაინის შსს-ს მიერ დუდაევის სახელობის ბატალიონისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებისთვის.

ამინა 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატის სახით კენჭი იყარა ოდესაში, სუვოროვის რაიონის 136-ე ერთმანდატიან ოლქში, თუმცა მერვე მოწვევის რადაში ვერ მოხვდა და დააგროვა ამომრჩეველთა 3,73 %-ის ხმა.

2017 წლის 1 ივნისს კიევში, კირილოვსკის ქუჩაზე ამინა ოკუევასა და მის მეუღლეზე, ადამ ოსმაევზე თავდასხმა მოხდა: თავდამსხმელმა თავი ფრანგული Le Monde-ის ჟურნალისტად გაასაღა და წყვილის მანქანაში ყოფნისას ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად ადამ ოსმაევმა მძიმე ჭრილობები მიიღო. ამინა თავდასხმისას არ დაშავდა, მნ ტაბელური იარაღიდან თავდამსხმელს ოთხი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა დამნაშავის დაიჭირეს. ამინას თქმით, თავდამსხმელი მათ შემთხვევამდე კიდევ სამჯერ შეხვედრია, ვინაიდან ის თავს საერთაშორისო ჟურნალისტად აცნობდა, რომელიც წყვილზე სტატიას ამზადებს. უკრაინის შსს-ს განცხადებით დაქირავებული მკვლელი სავარაუდოდ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვთან იყო კავშირში. თავდამსხმელს თან ჰქონდა ალექსანრე დაკარის სახელზე გაცემული უკრაინის მოქალაქის დოკუმენტები, თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის არტურ დენისულთანოვი (კურმაკაევი) იყო.

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამინა ოკუევა კიევის ოლქის სოფელ გლევახასთან თავდასხმისას მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა 2017 წლის 30 ოქტომბერს. დივერსიული აქტის დროს ამინას და ადამის მანქანა სარკინიგზო გადასასვლელზე ჩაცხრილეს. ადამ ოსმაევი ჭრილობების მიუხედავად გადარჩა.

ამინა ოკუევა დაკრძალეს 2017 წლის 1 ნოემბერს დნეპრში ისა მუნაევის გვერდით, რაც თავად ამინას დაბარება იყო. საჯარო ცერომონიისგან ჯახმა თავი შეიკავა განმეორებითი ტერორისტული ავდასხმის შიშით, დაკრძალვა კი დაცვის თანმხლებით წარიმართა.

შეხედულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს ამინა ოკუევამ ისლამი მიიღო.[1] საკუთარი რწმენის თანახმად ატარებდა ჰიჯაბს. უკრაინის ომში მონაწილეობა მიიღო იმიტომ, რომ რუსეთი უკრაინისა და ჩეჩნების საერთო მტრად მიაჩნდა. ომის დასრულების შემდეგ აპირებდა სამხედრო სამსახურის გაგრძელებას სამხედრო ექიმის ან სამშვიდობო მისიის წევრის რანგში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინებაში იყო ორჯერ. პირველ ქორწინებაში იყო ისა მუსტაფინოვთან მის გარდაცვალებამდე, 2000-2003 წლებში. მეორე ქორწინებაში იყო ისლამ ტუხაშევთან (დოკუმენტებით – ოკუევი), რომელიც უკრაინიდან დეპორტირებულ იქნა უცხოელების ყოფნის რეჟიმის დარღვევისთვის, შემდეგ კი გასამართლებულ იქნა რუსეთში ინგუშეთში რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლების მკვლელობისთვის და სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.[1]

ადამ ოსმაევი გაიცნო 2009 წელს; მასთან ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა.[1] ჰყავდა ვაჟი (დ. 2002).

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „უკრაინის სახალხო გმირის“ ორდენი (13 ოქტომბერი, 2015)
  • უკრაინის შსს-ს ცეცხლსასროლი იარაღი — პისტოლეტი Glock 43

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Жінка-воїн Аміна Окуєва: що про неї відомо?. BBC უკრაინა (31 ოქტომბერი 2017). წაკითხვის თარიღი: 1 ნოემბერი 2017.