შინაარსზე გადასვლა

ამბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამბა, აბბა (არამ. אבא[ʔabɑʔ], ბერძ. ἀββᾶ) — არამეულ-სირიული სიტყვა და ნიშნავს „მამა“-ს. შეესაბამება ებრაულ אב [aḇ], არაბულ أب [ab] და ამხარულ አባት [abat]. ქრისტიანულ ლიტერატურაში მიმეართება, როგორ ღმერთს, ასევე სასულიერო პირის საპატიო ტიტულსაც აღნიშნავს ზოგ ქრისტიანულ ეკლესიაში.

ახალი აღთქმის წიგნებში „აბბა“ და „მამა“ ყოველთვის ერთად იხმარება:

ვიკიციტატა
„აბბა მამაო, ყოველივე შესაძლებელ არს შენ მიერ.“
(მარკ. 14,36)
ვიკიციტატა
„არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისა, რომლითა ვღაღადებთ: აბბა მამაო.“
(რომ. 8,15)
ვიკიციტატა
„გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თჳსისა გულითა შინა ჩუენთა, რომლითა ვღაღადებთ: აბბა მამაო.“
(გალატ. 4,6)

დასავლეთის ქრისტიანულ ეკლესიებში ამ სიტყვის ლათინური ფორმა abbas (აქედან ფრანგული abbé, ინგლისური abbot, იტალიური abbate, გერმანული abt) აღნიშნავს მონასტრის წინამძღვარს, ხოლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქრისტიანულ, სახელდობრ სირიულ და კოპტურ ეკლესიებში, ეპისკოპოსებისა და ეკლესიის მწყემსმთავრების ტიტულია. აბისინიაში ეთიოპიური ეკლესიის მეთაურს abuna, ე. ი. „მამა ჩუენი“ ეწოდება.

ქართულ წყაროებში ეს სიტყვა სასულიერო პირთან მიმართებით „ამბას“ ფორმითაც არის დამკვიდრებული. ასეთი ტიტულით ქართული ეკლესიის რამდენიმე მოღვაწე მოიხსენიება, სახელდობრ, ალავერდის ეპისკოპოსები და ზედაზნის მონასტრის წინამძღვრები. ზედაზნის მონასტრის წინამძღვართა ქრონოლოგიურ სიაში, რომელიც წარმოდგენილია XVIII საუკუნის ხელნაწერებში (A 160, 434) და რომელიც იწყება იოანე ზედაზნელით, მონასტრის რამდენიმე წინამძღვარი „ამბა“-ს ტიტულით არის მოხსენიებული: ამბა ვაჰმან, ამბა ბენი, ამბა თუალ. თუ ეს ცნობა ჭეშმარიტია, გამოდის, რომ ეს ტიტული უძველესი დროიდან იხმარება ქართლ ეკლესიაში და ამ სირიული ტერმინით იწოდებოდნენ ზედაზნის მონასტრის წინამძღვრები იოვანე ზედაზნელის პატივსაცემად და მისგან მიღებული მემკვიდრეობის აღსაღნიშნავად, რადგან იოვანე სირიიდან იყო მოსული და მისი „ცხოვრების“ მიხედვით იგი ჯერ კიდევ სირიაშივე იყო მონასტრის წინამძღვარი (თუმცა თვით იოვანე „ამბას“ ტიტულით ქართულ წყაროებში არ იხსენიება). სხვა მონაცემები ზედაზნელ „ამბა“-თა შესახებ არ გვხვდება. „ამბას“ ტიტულით მოიხსენებიან ალავერდის ეპისკოპოსებიც დაახლოებით XV საუკუნიდან. მაგალითად: გაბრიელ ამბა ალვერდელი, ამბა ალავერდელი იოვანე, ამბა ალავერდელი აბრაჰამი, ამბა ალავერდელი ზაქარია, ზებედე ამბა ალავერდელი და სხვები. უნდა აღინიშნოს, რომ ალავერდის მონასტრის დამაარსებელი იოსებ ალავერდელიც, იოვანე ზედაზნელის მოწაფე, სირიიდან იყო ჩამოსული. მართალია, იგი ძველ წყაროებში „ამბა“-ს ტიტულით არ მოიხსენიება, მაგრამ XVIII საუკუნის დაწერილი მისი სვინაქსარული „ცხოვრება“ მას „ამბა ალავერდელად“ მოიხსენიებს. საფიქრებელია, რომ ეს ტიტული ალავერდელისათვის იოსების პატივსაცემად უნდა შემოეღოთ და, ალბათ, ამ ტიტულით ალავერდის მონასტრის წინამძღვრები იწოდებოდნენ, ხოლო გვიან (დაახლოებით XIV-XV საუკუნეებიდან) — მხოლოდ ალავერდელი ეპისკოპოსები. უფრო გაურკვეველია ტიტულით ოპიზის მონსატრის VIII საუკუნის წინამძრვრის, „მბა გიორგის“ მოხსენიება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“; ასევე XVII საუკუნეში იშხნელი ეპისკოპოსის „ამბერკი ამბა იშხნელის“ მოხსენიება და, მაინც, ყველაზე უძველესი მოხსენიება ქართველი სასულიერო პირისა ამ ტიტულით და ისიც „აბაჲ“ ფორმით გვხდება იერუსალიმის მახლობლად არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ „ლაზთა მონასტრის“ VI საუკუნის მოზაიკურ ქართულ წარწერაში, რომელშიც იხსენიება მონასტრის წინამძღვარი „აბაჲ ანტონი“. ეს გასაგებიცაა, რადგან ამ რეგიონში წინამძღვრის ტიტული „აბბაჲ“ ან „აბაჲ“ ჩვეულებრივი მოვლენაა.

  • გაბიძაშვილი ე., „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, თბილისი, 2007.  გვ. 10-11, ISBN 978-99940-69-47-7.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ამბა&oldid=5381983“-დან