შინაარსზე გადასვლა

ალ კაპონე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალ კაპონე 1935 წელს

ალფონს გაბრიელ „ალ“კაპონე (Alfonso Capone; მეტსახელად დადაღული სახე; დ. 17 იანვარი, 1899 — გ. 25 იანვარი, 1947) — ამერიკელი განგსტერი, რომელიც 1920-1930-იან წლებში ჩიკაგოს ტერიტორიას აკონტროლებდა. ავეჯის ბიზნესის საფარით დაკავებული იყო ბუტლეგერობით, სათამაშო ბიზნესითა და პროსტიტუციით. დროთა განმავლობაში აშშ-ის ორგანიზებულ დამნაშავეთა იტალიურ მაფიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი გახდა.

ალ კაპონე დაიბადა ნიუ იორკში იტალიელ ემიგრანტთა ოჯახში. კაპონე ადრეული ასაკიდანვე ჩაერთო კრიმინალური ბანდის საქმიანობაში, მას შემდეგ, რაც 14 წლის ასაკში სკოლიდან გარიცხეს. 1920-იანი წლების დასაწყისში ის გადავიდა ჩიკაგოში, რათა გამოეყენებინა ფულის შოვნის ახალი შესაძლებლობები, მშრალი კანონის დროს არალეგალური ალკოჰოლური სასმელით ვაჭრობის გზით. ამასთანავე ჩართული იყო სხვა სახის კრიმინალურ საქმიანობაშიც, მოხელეთა მოქრთამვასა და პროსტიტუციის ორგანიზებაში.

უკანონო საქმიანობის გარდა, კაპონე იყო საჯარო ფიგურაც. ის ეხმარებოდა სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს იმ ფულით, რომელსაც თავისი საქმიანობით შოულობდა, ამიტომაც ზოგჯერ მას მოიხსენიებდნენ "თანამედროვეობის რობინ ჰუდად". კაპონეს რეპუტაცია მას შემდეგ შეილახა, რაც მონაწილეობა მიიღო "წმინდა ვალენტინის დღის ხოცვა-ჟლეტაში", სადაც მოწინააღმდეგე დაჯგუფების შვიდი განგსტერი სიკვდილით დასაჯეს.

გარდაიცვალა 1947 წლის 25 იანვარს გულის შეტევით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: