ალთინთეფე
ალთინთეფე – ურარტული ციხე-ქალაქის ნანგრევები თურქეთში, ქალაქ ერზინჯანის აღმოსავლეთით 20 კმ-ზე. 1959 წლიდან მას შეისწავლიდა თურქი არქეოლოგი თაჰსინ ოზგუჩი. ციხესიმაგრე აგებულია ურარტული სტილით, ქვის დიდი ბლოკებითა და ალიზით. დასახლებას გარს აკრავს ბურჯებიანი გალავანი, რომლის შიგნით გათხრილია ურარტული ტაძარი, ღია ტაძარი ან სამლოცველო, დიდი სამეურნეო სათავსი, მიწისქვეშა გამაგრება, ქვის აკლდამები და სხვა ნაგებობები. აღსანიშნავია ქვის სამკამერიანი აკლდამა, რომელშიც ქალისა და მამაკაცის სარკოფაგებთან ერთდ აღმოჩნდა სარეცელი, სკამები, ეტლის ნაწილები, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭელი, რკინის საჭურველი და შრომის იარაღი, ცხენის აღკაზმულობა ბრინჯაოს მცირე ქანდაკებები, ბრინჯაოსა და ძვლის სხვადასხვა ნივთი, თიხისა და ასურული ქაშანურის ჭურჭელი, ოქრო-ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით შემკული ტანსაცმელი, ოქროს ყელასაბამის ნაწილები. საყურადღებოა ბრინჯაოს ორი ფირფიტა. ერთზე გამოსახულია ფრთოსან ცხენზე მდგარი ღვთაება, მეორეზე სამრიგად – ომისა და ნადირობის სცენები. აღმოჩენილი ნივთები განეკუთვნება ურარტუს აყვავების ხანას (ძვ. წ. 713-679 წწ.). უღრმეს ფენაში აღმოჩენილია ადრეული ბრინჯაოს ხანის კერამიკა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 307.