ალექსანდრე გვახარია (პედაგოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე კონსტანტინეს ძე გვახარია (დ. 16 ივლისი, 1891, ხონი, — გ. 5 ოქტომბერი, 1954, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, მეთოდისტი.

დაამთავრა ხონის სასულიერო სემინარია (1910), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი სიტყვიერების დარგით (1925). მუშაობდა მასწავლებლად ბულუხაურში (ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სასწავლებელში, ოზურგეთის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში, თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში, მე-2 შრომის სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ, ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ ტექნიკუმში, საქართველოს განათლების სამინისტროში, მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტში დაწყებით სკოლის სექტორის გამგედ. ავტორია სახელმძღვანელოებისა: „ბუნება და შრომა“ (შრომის სკოლის III ჯგუფისათვის, 1925), „მეთოდური სახელმძღვანელო“ (I კლასის მასწავლებელთათვის, 1939), „დედა ენა“ (I და II ნაწ., ვ. ძიძიგურთან ერთად) და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]