შინაარსზე გადასვლა

აიაზმა (რელიგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აიაზმა (მრავალმნიშვნელოვანი).

აიაზმა (ბერძ. αγιασμοσ) — საეკლესიო ლიტერატურაში აღნიშნავს ნაკურთხ წყალს, ასევე წყლის კურთხევის ცერემონიალსაც. ძველ წერილობით ძეგლებში აღნიშნული სიტყვა თითქმის არ გვხვდება. მის ნაცვლად გამოიყენება ქართული შესატყვისი „წმიდა წყალი“. აიაზმა ქართულში დასტურდება მხოლოდ მე-18 საუკუნიდან. მაგალითად, სულხან-საბა ორბელიანის („აიაზმა ბერძნულია, ქართულად წმიდა წყალს ჰქვიან“), ნიკო და დავით ჩუბინაშვილების, თეიმურაზ ბაგრატიონის ლექსიკონებში და შემდგომი დროის ქართულ მწერლობაში.

დღეს ქართველ მართლმადიდებელთა მეტყვლებაში აიაზმა შედარებით იშვიათად გამოიყენება. ძირითადად გვხვდება შესიტყვება „ნაკურთხი წყალი“.

წყლის კურთხევა ორგვარია: დიდი აიაზმა და მცირე აიაზმა.

დიდი აიაზმა სრულდება მხოლოდ ნათლისღების წინა მწუხრზე და თვით ნათლისღების დღეს, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს ნათლისღებას. აიაზმა იწოდება „დიდად“ განსაკუთრებული სადღესასწაული რიტუალის გამო, რომელშიც ეკლესია ხედავს არა მარტო ცოდვათაგან განბანის საიდუმლო პირველსახეს, არამედ თვით წყლის განწმედასა და კურთხევას მასში ნათელღებული უფლის წყალობით. მითითებანი, თუ როგორ სრულდება დიდი აიაზმა, კურთხევანის გარდა, მოცემულია ტიპიკონში (6 იანვრის განგება), ხოლო საგალობლები — თვენში.

მცირე აიაზმა უნდა შესრულდეს 1 აგვისტოს წყაროებზე და წყალსაცავებზე, როცა სრულდება ჯვრის გამოსვენება. მცირე აიაზმა სრულდება ჩეულებისამებრ, განზოგების დღეს, იმის მოსახსენებლადმ თუ როგორ მისცა იესო ქრისტემ ხალხს სამარადისო ცხოვრების წყალი ცხოველი სულთმოფენის დღესასწაულის განზოგების დღეს. ამის გარდა მცირე აიაზმა სრულდებაეკლესიებში ლიტურგიის წინ სატფურების დღესასწაულებზე, როდესაც ტაძარს განაახლებენ ლოცვებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით. ასევე, მცირე აიაზმა სრულდება მორწმუნეთა სურვილის მიხედვით, სახლებში ნებისმიერ დროს, სავედრებელ გალობასთან ერთად (იწყება სავედრებელი გალობით). წყლის კურთხევის დროს, თუ მცირე აიაზმა ეკლესიაშ სრულდება, ეკლესიის შუაში იდგმება ტაბლა, დაფარული ოთხკუთხა გადასაფარებლით, ან სუფრით. ხოლო თუ წყლის კურთხევა სახლში სრულდება, ტაბლა იდგმება ხატის წინ. ტაბლაზე იდგმება წყლით სავსე ფიალა, ფიალის წინ ჩვეულებისამებრ — სამი ან ერთი სანთელი. თუ წყალკურთხევა ხდება ჯვრის გამოსვენების დროს , როგორც 1 აგვისტოს, მაშინ მღვდელს გამოაქვს ჯვარი, უჭირავს თავს ზემოთ და მიემართება კურთხევის ადგილისაკენ.

  • ლუიზა ხაჭაპურიძე, ღვთისმსახურების ლექსიკა, ქართველური მემკვიდრეობა, ტ. I, ქუთ., 1996.
  • გაბიძაშვილი ე., „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, თბილისი, 2007.  გვ. 36, ISBN 978-99940-69-47-7.