ადისონის დაავადება
ადისონის დაავადება — თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ქრონიკული უკმარისობა. მას საფუძვლად უდევს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის დესტრუქცია (სტრუქტურის დარღვევა), რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების - გლუკოკორტიკოიდების (კორტიზოლის) და მინერალკორტიკოიდების (ალდოსტერონის) - წარმოქმნის დაქვეითება მოჰყვება.
100-დან 80 შემთხვევაში ადისონის დაავადება თირკმელზედა ჯირკვლის აუტოიმუნურ დაზიანებას უკავშირდება. ხშირია თირკმელზედა ჯირკვლის ტუბერკულოზური დაზიანებაც. სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავია მეტასტაზური კიბო, ათაშანგი, სარკოდიოზი, ამილოიდოზი, ჰემაქრომატოზი, სოკოვანი ინფექცია. დაავადებას (თუმცა იშვიათად) საფუძვლად შეიძლება დაედოს თირკმელზედა ჯირკვალში სისხლის ჩაქცევა ორსულობის, ინფექციის, ტრავმის, ქირურგიული ოპერაციების დროს.
დაავადება თანდათან ვითარდება. თანდათან ვითარდება ძლიერი სისუსტე, სწრაფი დაღლა, წონის კლება, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ამენორეა (მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტა).
სიმპტომები და მიმდინარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოყავისფრო-ბრინჯაოსფერი პიგმენტაცია კანისა და ლორწოვანი გარსის იმ ადგილებში, რომლებიც სინათლის ზემოქმედებას განიცდის: სახეზე, კისერზე, ხელის მტევნებზე. პიგმენტაცია ძლიერდება იდაყვების, იღლიების, საზარდულის, ნაწიბურების მიდამოშიც. ყავისფერი ლაქები ჩნდება ღრძილებზე, ენაზე, ტუჩებზე, ლოყის შიგნითა, ლორწოვან ზედაპირზე;
არტერიული ჰიპოტენზია
- გულის ზომების შემცირება;
- ნერვულ-ფსიქიკური დარღვევები - პარესთეზია, კრუნჩხვა, მეხსიერების დაქვეითება, აგზნებადობა, დეპრესია;
- ჰიპოგლიკემია;
- იღლიებსა და ბოქვენზე თმიანობის შემცირება, განსაკუთრებით - ქალებში.
დაავადება უფრო ძლიერად ვლინდება ინფექციის, ტრავმის, ორსულობის, სტრესული ზემოქმედების დროს. მოსალოდნელია, განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა - ე. წ. ადისონის კრიზი. მისთვის დამახასიათებელია მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება, ჰიპოგლიკემია, არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, სისუსტე.
დიაგნოსტირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩივილებსა და ობიექტურ გამოვლინებებთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის გამოკვლევას. აუცილებელია სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი, რათა დადგინდეს სისხლის პლაზმაში თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების დონე. საჭიროა თირკმელზედა ჯირკვლის რენტგენოლოგიური კვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მკურნალობა ეფუძნება ჩანაცვლებით თერაპიას გლუკოკორტიკოიდებისა და მინერალკორტიკოიდების კომბინაციით. აქტიური და ადეკვატური თერაპიის შემთხვევაში პროგნოზი საიმედოა. მკურნალობის შემდეგ უმრავლესობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე! |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" #14 (152) 2007 წ.