ადამიანის უფლებები კვიპროსში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადამიანის უფლებები კვიპროსში დაცულია კვიპროსის რესპუბლიკის კონსტიტუციით.[1]

რიგ შემთხვევებში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა თურქეთს "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის" დარღვევის გამო, რაც იყო 1974 წელს კვიპროსში თურქეთის შეჭრისა და მისი ტერიტორიის 37%-ის ოკუპაციის შედეგი. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს კვიპროსის რესპუბლიკის ეფექტური კონტროლირების ქვეშ მოქცეულ ტერიტორიებზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიშის თანახმად, იყო ცნობები პოლიციის მხრიდან ძალადობა-არასათანადო მოპყრობის შესახებ საპატიმროებისა და თავშესაფრის მაძიებლების მიმართ, ისევე, როგორც ეთნიკური და ეროვნული უმცირესობების ჯგუფების წევრების წინააღმდეგ დისკრიმინაციისა და ძალადობის მაგალითები. კუნძულზე ქალთა ტრეფიკინგი, კერძოდ კი, სექსუალური ექსპლოატაციისთვის, ნამდვილად პრობლემა იყო. ასევე, დაფიქსირდა ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობის რამდენიმე შემთხვევა.[2]

დემოკრატიული თავისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვიპროსის მართლმსაჯულების სასამართლო ნიქოზიაში, კვიპროსის დედაქალაქში.

Freedom House-ის 2011 წლის ანგარიშში ("თავისუფლება მსოფლიოში") კვიპროსის დემოკრატიული და პოლიტიკური თავისუფლება კლასიფიცირებულია, როგორც "თავისუფალი".[3] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2010 წელს აღნიშნავდა, რომ ბოლოდროინდელი არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი.[2]

იბრაჰიმ აზიზმა, რომელსაც უარი ეთქვა არჩევნებში ხმის მიცემაზე, "ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს" მიმართა. 2004 წელს, საქმეზე "აზიზი კვიპროსის წინააღმდეგ", სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა მისი ხმის მიცემის უფლება.[4] ამ საქმის შემდეგ, ხმის მიცემის უფლება მიეცათ კვიპროსის რესპუბლიკაში მცხოვრებ თურქ კვიპროსელებსაც.[5] თუმცა, ეს უკანასკნელები მაინც მოკლებულნი არიან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ხოლო ჩრდილოეთ კვიპროსში მცხოვრებ თურქ კვიპროსელებს კი არ შეუძლიათ არჩევნებში ხმის მიცემა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვიპროსის მოქალაქეები არიან.[6]

უმცირესობების უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2010 წელს აღნიშნა, რომ შეინიშნებოდა ეთნიკური და ეროვნული უმცირესობების ჯგუფების წევრების მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის შემთხვევები.[2] "უმცირესობათა უფლებების საერთაშორისო ჯგუფმა" 2011 წელს განაცხადა, რომ უმცირესობები კვიპროსში აწყდებოდნენ სერიოზულ დისკრიმინაციას და ისინი გამოთიშული იყვნენ პოლიტიკური აქტივობიდან.[7] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2005 წელს იუწყებოდა, რომ თურქი კვიპროსელების და ბოშების მიმართ დისკრიმინაცია პრობლემა იყო.[8] გარკვეული სახის არასათანადო მოპყრობა ფიქსირდება იმ თურქი კვიპროსელების მიმართ, რომლებიც სტუმრობენ კვიპროსის რესპუბლიკის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს.[9]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2002 წელს კვიპროსის შესახებ თქვა, რომ:

"დაახლოებით 300 თურქი კვიპროსელი წააწყდა სირთულეებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სხვა სამთავრობო დოკუმენტების მიღების დროს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, განსაკუთრებით, თუკი ისინი დაბადებული იყვნენ 1974 წლის შემდგომ. ასევე, თურქი კვიპროსელები იყვნენ თვალთვალის სუბიექტი ბერძნული კვიპროსის პოლიციის მხრიდან."[10]

თუმცა, 2011 წელს თურქულ-კვიპროსული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრი ნეოკლის სილიკიოტისი ამბობს, რომ უკვე 93 308 თურქ კვიპროსელს აქვს პირადობის მოწმობა, ხოლო 58 069 თურქი კვიპროსელი სარგებლობს პასპორტით, რომელთაგან 7 376 არის ბიომეტრიული.

სამართლიანი სასამართლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ციხეები, ზოგადად, აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, არსებობს ცნობები, რომ ისინი გადავსებულია.[2] ასევე, არსებობს ცნობები, რომ პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პატიმრებს და განახორციელა მათი დისკრიმინაცია.[2] ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ უცხოელმა პატიმრებმა დაიჩივლეს, რადგან ისინი გახდნენ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი.[2]

2008 წელს კვიპროსის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პოლიციამ ანდრეას კონსტანტინოუსს შეუზღუდა წვდომა ლეგალურ დახმარებასთან.[11] ასევე, 2008 წელს ევროსასამართლომ თქვა, რომ "იბადება კითხვა, თუ რამდენად შეესაბამება ასეთი კანონმდებლობა კონვენციის მე-6 მუხლს [...] აპრიორი არ არსებობს არავითარი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა იყოს ის ხელმისაწვდომი სისხლის სამართლის კანონის გარდა სხვა სფეროებში".[11]

2009 წელს საქმეზე "პანოვიცი კვიპროსის წინააღმდეგ", ევროსასამართლომ ბრძანა, რომ

"ამ გარემოებებში, ევროსასამართლო ასკვნის, რომ ადგილობრივი სასამართლოს განმცხადებლის ადვოკატთან დაპირისპირებამ სასამართლო პროცესი არასამართლიანი გახადა. აქედან გამომდინარეობს, რომ ამ თვალსაზრისით, მოხდა მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა".[12]

კერძოს საკუთრების უფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს, სასამართლოში შევიდა თურქი კვიპროსელების 25 სარჩელი, რითაც აცხადებდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ წვდომა თავიანთ საკუთრებასთან, რომელიც მდებარეობდა კვიპროსის რესპუბლიკის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.[8]

რელიგიის თავისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2010 წელს გვაუწყა, რომ მთავრობა, ზოგადად, პატივისცემით არის განმსჭვალული რელიგიის თავისუფლების მიმართ. მთავრობა ინარჩუნებს მეჩეთებს. მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსის რესპუბლიკის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 17 მეჩეთია, საზოგადოება მათგან მხოლოდ 5-ს იყენებს მსახურებისთვის.[13]

2005 წლის ნოემბერში სახალხო დამცველის ოფისმა გამოაქვეყნა ანგარიში იეჰოვას მოწმეების წევრის საჩივრის შესახებ, რომლის შვილს, მართალია, უფლება მისცეს არ დასწრებოდა რელიგიურ სწავლებას, თუმცა, შემდეგ კლასელებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო რელიგიის მასწავლებელმა მასზე ზეწოლა განახორციელა. ანგარიშმა დაასკვნა, რომ მოსწავლის საჩივარი სწორი იყო და რომ, გაკვეთილის დროს მასწავლებლის მიერ მიცემულმა შენიშვნებმა სექტის თაობაზე დაარღვია მოსწავლის რელიგიური თავისუფლება.[14] ასევე, 2005 წლის ნოემბერში პრესაში დაიწერა, რომ პოლიციამ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ შეურაცხყვეს ბუდისტური ტაძარი სტროვოლოსში.[14]

ნიკოს ტრიმიკლინიოტისი და კორინა დემეტრიოუ აღნიშნავენ, რომ:

"აქ 'რელიგიური' დისკრიმინაცია არ არის ამოწურული, რამდენადაც კეთილსინდისიერი იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ სამხედრო სამსახურში წასვლაზე".[6]

განათლების მიღების უფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვიპროსის რესპუბლიკის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ თურქ კვიპროსელებს არ აქვთ საკუთარი სკოლა.[15] მარონიტებს აქვთ დაწყებითი სკოლა, მაგრამ მათ არ გააჩნიათ საშუალო სკოლა, და ანტონის ჰადჯიროუსოსი ამაში ხედავს ბერძნული კვიპროსის თემთან მარონიტების ასიმილაციის საშიშროებას.[16]

ქალთა უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანონი კრძალავს სექსუალურ ძალადობას კვიპროსის რესპუბლიკაში. 2000-იან წლებში შეინიშნებოდა მკვეთრი ზრდა მსგავსი ტიპის დანაშაულებებში.[2] მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური შეურაცხყოფა სამუშაო ადგილზე აკრძალულია, ის ფართო პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ ხელისუფლების ყურამდე მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა აღწევს.[2]

1996 წელს "ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციის შემცირების გაეროს კომიტეტმა" დაასკვნა, რომ ქალები დიდად არ იყვნენ წარმოდგენილნი პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისინი მოკლებულნი იყვნენ ხელისუფლების მაღალ პოციზიებზე ყოფნას, ქალების ტრეფიკინგი და მათი სექსუალური ექსპლოატაცია წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევას, გარდა ამისა, არსებობდა სამუშაო ადგილზე სექსუალური შეურაცხყოფის მაგალითები და ქალებს არ ჰქონდათ თანაბარი ხელფასი მამაკაცების მსგავსი სამუშაოს შესრულებისთვის.[17]

კომიტეტმა, ასევე, თქვა:

"კომიტეტი მთავრობას დაჟინებით მოუწოდებს გაავრცელოს სრული სოციალური დაცვა თვითდასაქმებულ სოფლად მცხოვრებ ქალებზე და, ამ თვალსაზრისით, გააუქმოს არსებული დისკრიმინაცია დაქორწინებულ და დაუქორწინებელ ქალბატონებს შორის. კომიტეტი, ასევე, მოუწოდებს მთავრობას, რომ განახორციელოს სპეციალური მგრძნობიარობის ზრდის და სასწავლო პროგრამები გენდერულ საკითხებში სამართალდამცველებისა და მოსამართლეების, კერძოდ კი, იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც მუშაობენ საოჯახო თემებზე. კომიტეტი მკაცრ რეკომენდაციას უწევს იმას, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს სპეციალური დროებითი ზომები კონვენციის მე-4 მუხლის ფარგლებში, რაც გაზრდის ქალების არსებით მონაწილეობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისევე, როგორც სამოქალაქო მომსახურების მაღალ მენეჯმენტსა და დიპლომატიურ საქმიანობაში. კომიტეტი მოუწოდებს მთავრობას, რომ მიიღოს არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადება თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, როცა საქმე ეხება ქალთა საჩივრებს და შეასრულოს შუამავლის როლის მათ შორის."[17]

2006 წელს იმავე კომიტეტმა გამოხატა შეშფოთება ქალი მიგრანტების წინააღმდეგ დისკრიმინაციის შესახებ, რომელთა შორის იყვნენ დამხმარეები ოჯახებში და სასოფლო სამეურნეო მუშაკები. კომიტეტი, ასევე, შეშფოთებას გამოთქვამდა მამაკაცებთან შედარებით ქალებში უფრო მცირე რაოდენობით დოქტორის ხარისხის ფლობასთან და "გენდერული თანასწორობის პოლიტიკებთან სრულყოფილი და სისტემატიური მიდგომის არარსებობასთან დაკავშირებით".[18] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიშში წერია, რომ:

"7 იანვარს, ევროსასამართლომ საქმეზე "რანცევა კვიპროსისა და რუსეთის წინააღმდეგ", ბრძანა, რომ კვიპროსმა ვერ დაიცვა 20 წლის რუსი კაბარეს არტისტი ოქსანა რანცევა ტრეფიკინგისგან და ვერ შეძლო განეხორციელებინა ეფექტური გამოძიება 2001 წელს მისი სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით".[2]

პრესისა და სიტყვის თავისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კანონი უზრუნველყოფდა სიტყვისა და პრესის თავისუფლებას და მთავრობა, ზოგადად, პატივს სცემდა ამ უფლებებს პრაქტიკულ ცხოვრებაში.[2] UNHCR-მა, ასევე, 2006 წელს დაწერა, რომ სიტყვის თავისუფლება, ზოგადად, დაცული იყო და დამოუკიდებელი პრესა ხშირად აკრიტიკებდა ხელისუფლებას.[19] 2005 წლის 18 ივლისს, პოლიციამ სატვირთო მანქანების მძღოლების მეშვეობით პიკეტირების დროს გამოიყენა გადაჭარბებული ძალა დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.[20]

2004 წელს მთავრობამ ჩაახშო კვიპროსის რესპუბლიკის მასმედიის ხმა იმისთვის, რომ მათ არ გაეშუქებინათ ანანის გეგმა. ევროკომისარმა გიუნტერ ვერჰეუგენმა უარი თქვა გასულიყო ნებისმიერი ბერძნულ-კვიპროსული სატელევიზიო არხის ეთერში, რადგან თუ მას უარს არ ეტყოდნენ ამისთვის, ის ამ გეგმის მხარდამჭერ არგუმენტებს მოიყვანდა.[21]

2007 წელს, მაშინდელმა პრეზიდენტმა ტასოს პაპანდოპულოსმა განახორციელა "პერსონალური ინტერვენცია", რათა სამსახურიდან დაეთხოვა ლონდონში კვიპროსის უმაღლესი კომისიის პრეს-ატაშე სოტერის გეორგალისი იმ მიზეზით, რომ იგი დაესწრო წიგნის პრეზენტაციას, სადაც ტაკის ჰადჯიდემეტრიოუსმა გააკრიტიკა პრეზიდენტი პაპანდოპულოსი.[21] კირიაკოს პიერიდესმა 2007 წელს განაცხადა, რომ "პროსამთავრობო პოლიტიკური და კომერციული ზეწოლა არის აქ მასმედიის საქმიანობის ამკრძალავი მუდმივი ფაქტორი".[21]

2008 წელს, ევროპაში "უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია", "თურქული კვიპროსის ადამიანის უფლებათა ფონდისა" და "თურქული კვიპროსის ჟურნალისტების კავშირის" მიერ დაწერილ ანგარიშში აღნიშნავდა, რომ კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობა არღვევდა თურქი კვიპროსელების სიტყვის თავისუფლებას. ის დამატებით დასძენდა, რომ "კვიპროსის სამაუწყებლო კორპორაციის" ტრანსლაციის სიხშირის ცვლილება აფერხებდა ბევრი თურქული კვიპროსის სატელევიზიო არხის მაუწყებლობას ჩრდილოეთ კვიპროსში და, ამდენად, არღვევდა სიტყვის თავისუფლებას.[22]

"მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსმა" კვიპროსს მიანიჭა 45-ე ადგილი 2007 წელს,[23] 31-ე ადგილი - 2008 წელს,[24] 25-ე - 2009 წელს,[25] ხოლო კვლავ 45-ე - 2010 წელს.[26] 2016 წელს კი, კვიპროსი გავიდა 27-ე ადგილზე.[27]

ადამიანის ტრეფიკინგი და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროსტიტუცია ფართოდ არის გავრცელებული კვიპროსზე და კუნძულს ხშირად აკრიტიკებენ მისი როლის გამო ამ საქმეში, რამდენადაც ის არის აღმოსავლეთ ევროპიდან წამოსული ადამიანის ტრეფიკინგის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი.[28] [29]

2011 წლის მაისში "გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტმა" განაცხადა, რომ უარყოფილ თავშესაფრის მაძიებლებს დიდხანს აყოვნებდნენ არასასიამოვნო პირობებში.[30] 2005 წლის მაისში, KISA-მ პოლიცია დაადანაშაულა კანონისა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დარღვევაში, რაც გამოიხატებოდა უკანონო დაპატიმრებების, დაყოვნებისა და დეპორტაციების განხორციელებით.[8] კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია 2005 წელს იუწყებოდა, რომ პოლიცია დეპორტაციას უკეთებდა გრძელვადიან, 11 წლის განმავლობაში მცხოვრებ ადამიანებს.[8]

2009 წელს დიდი რაოდენობით რუმინული ეროვნებები დაექვემდებარნენ იძულებით შრომას ქვეყანაში.[31] 2009 წლის აგვისტოში "გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა" (UNHCR) მასმედიაში დაიჩივლა, რომ ქურთ ბავშვს, რომელსაც თანდაყოლილი ტერმინალური მდგომარეობა აწუხებდა, საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები მთავრობამ არ დაუფინანსა იმ მიზეზით, რომ მას ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა. UNHCR ამტკიცებდა, რომ ეს იყო ლტოლვილების კანონის დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფდა ევროკავშირის სხვა მოქალაქეებისთვის იმავე სამედიცინო მომსახურებასთან წვდომას, როგორიც ეს ჰქონდათ კვიპროსელებს.[2]

2020 წლის სექტემბერში, Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ კვიპროსი არ აძლევდა ლტოლვილებს თავშესაფრის მიღების უფლებას, როგორც ეს განსაზღვრული იყო საერთაშორისო კანონით. ამასთან, კვიპროსმა ასობით ლტოლვილი და მიგრანტი ზღვაში საწვავის, საკვების გარეშე და ზოგიერთ შემთხვევაში, პოლიციის მიერ ნაცემი მიატოვა.[32]

2020 წლის დეკემბერში, შინაგან საქმეთა მინისტრმა ნიკოს ნოურისმა მიიღო განკარგულება, რომელმაც აკრძალა სოფელ ქლორაკაში თავშესაფრის მაძიებელთა მიერ მუდმივი საცხოვრისის აშენება.[33] 2022 წლის იანვარში სოფელში მოხდა ჩხუბების რამდენიმე სერია პოლიციის მონაწილეობით, რომელმაც რანდენჯერმე გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთა. ყოველივე ამან კი, ადგილობრივი მაცხოვრებლების შეშფოთება გამოიწვია დემოგრაფიული სურათის ცვლილებასთან დაკავშირებით.[34] საპროტესტო აქციაზე დამსწრე პარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციას, ხოლო თემის ლიდერმა ნიკოს ლიასიდესმა ხაზგასმით თქვა, რომ "სიტუაციამ შეუქცევად წერტილამდე მიაღწია".[35]

ლგბტ თემის უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰომოსექსუალიზმი დეკრიმინალიზებულია 1998 წლის, კერძოდ, "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს" საქმის "მოდინოსი კვიპროსის წინააღმდეგ" შემდეგ, მაგრამ კვიპროსელი სამხედროები კვლავ უკრძალავენ ჰომოსექსუალებს ჯარში მსახურებას, რადგან, მათი აზრით, ჰომოსექსუალიზმი არის მენტალური დაავადება, რაც წარმოადგენს კრიმინალს სამხედრო კანონის მიხედვით; სასჯელის ვადა არის 6 თვე სამხედრო ციხეში, თუმცა, ეს მოვლენა იშვიათია, და შეიძლება ძალადაკარგულიც კი.[36]

კვიპროსზე დავის გამო ადამიანის უფლებების დარღვევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარღვევები ჩრდილოეთ კვიპროსში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიგ შემთხვევებში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა თურქეთს "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის" დარღვევის გამო, რაც იყო 1974 წელს კვიპროსში თურქეთის შეჭრისა და მისი ტერიტორიის 37%-ის ოკუპაციის შედეგი. კერძოდ, 2011 წლის "კვიპროსი-თურქეთის საქმეზე" სასამართლომ ბრძანა, რომ თურქეთმა "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" 14-ჯერ დაარღვია:

  • მე-2, მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევა, რომელიც ეხება ბერძნულ-კვიპროსელ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებს და მათ ნათესავებს;
  • მე-8, მე-13 და P1-1 მუხლების დარღვევა იძულებით გადაადგილებული ბერძნული კვიპროსელების სახლთან და ქონებასთან დაკავშირებით;
  • მე-3, მე-8, მე-9, მე-10, მე-13, P1-1 და P1-2 მუხლების დარღვევა, რომლებიც ეხება ბერძნული კვიპროსელების საცხოვრებელ პირობებს ჩრდილოეთ კვიპროსის კარპასის რეგიონში;
  • მე-6 მუხლის დარღვევა, რომელიც ეხება ჩრდილოეთ კვიპროსში მცხოვრები თურქი კვიპროსელების უფლებებს.

2011 წელს, "ადამიანის უფლებათა გაეროს კომისიამ" თავის ყოველწლიურ ანგარიშში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კვიპროსში უნდა აღდგენილიყო ადამიანის ყველა უფლება, განსაკუთრებით, ლტოლვილებისთვის. ანგარიშით "გაერომ" მთავრობას მოუწოდა, რომ ყოველგვარი შემდგომი გადავადების გარეშე აღერიცხა დაკარგული პიროვნებები და მოითხოვა ყველა კვიპროსელის ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემა, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლება, დასახლების თავისუფლება და საკუთრების უფლება.[37]

სხვა საკითხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის დაყოფაზე მუდმივი აქცენტი ხანდახან ნიღბავს ადამიანის უფლებათა სხვა საკითხებს.[38] 2005 წელს, ჩრდილოეთ კვიპროსში მცხოვრებ ბულგარელ მოქალაქეებს არ გადააკვეთინეს "მწვანე ხაზი", რათა ხმა მიეცათ ბულგარეთის არჩევნებში.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Constitution of the Republic of Cyprus დაარქივებული 2017-07-22 საიტზე Wayback Machine. , Article 5.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2010 Human Rights Report: Cyprus, US Department of State. დაარქივებული. ციტირების თარიღი: 24 April, 2011.
  3. "Freedom in the World 2011 – Cyprus". ციტირების თარიღი: 6 March, 2017.
  4. Aziz v. Cyprus. დაარქივებული. - 18 March, 2012, The Wayback Machine, European Court of Human Rights, Netherlands Institute of Human Rights, ციტირების თარიღი: 16 June, 2011.
  5. Turkish Cypriots - Parliamentary Elections, Cyprus News Agency, ციტირების თარიღი: 17 May, 2011.
  6. 6.0 6.1 Nicos Trimikliniotis, Corina Demetriou. Evaluating the Anti-Discrimination Law in the Republic of Cyprus: A Critical Reflection (Peace Research Institute) (Link is not available at the moment). ციტიღების თარიღი: 7 May, 2010.
  7. Cyprus conflict resolution strongly questioned if minorities continue to be excluded – new MRG report (Minority Rights Group International) Date: 22 March, 2011. ციტირების თარიღი: 13 July, 2011.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 International Human Rights Report 2005 - Cyprus, US Department of State. ციტირების თარიღი: 16 May, 2011.
  9. Yearbook of the United Nations 2005, United Nations, p. 491.
  10. US Department of State Report on Human Rights in Cyprus in 2002, ციტირების თარიღი: April 21, 2011.
  11. 11.0 11.1 Symfiliosi, national report written for Becoming Vulnerable in Detention (p.154), [მკვდარი ბმული] [1]. ციტირების თარიღი: 9 May, 2011.
  12. CASE OF PANOVITS v. CYPRUS (European Court of Human Rights). (Link is not available at the moment). ციტირების თარიღი: July 24, 2011.
  13. 2010 Religious Freedom Report: Cyprus, US Department of State. დაარქივებული. ციტირების თარიღი: 7 May, 2011.
  14. 14.0 14.1 2006 Religious Freedom Report: Cyprus, US Department of State. ციტირების თარიღი: 7 May, 2011.
  15. Cyprus Overview, Minority Rights Group International. ციტირების თარიღი: 6 May, 2011.
  16. The Cyprus review, Volumes 18-19 (2006), Intercollege, p. 62.
  17. 17.0 17.1 Committee on the Elimination of Discrimination Against Women, Concluding Observations: Cyprus, U.N. Doc. A/51/38, paras. 37-66 (1996), University of Minnesota. ციტირების თარიღი: 11 May, 2011.
  18. Concluding Observations of the Committee on the Elimination of Discrimination Against Women, Cyprus, U.N. Doc. CEDAW/C/CYP/CO/5 (2006), University of Minnesota. ციტირების თარიღი: 11 May, 2011.
  19. Freedom of the Press - Cyprus (2006), UNHCR. ციტირების თარიღი: 11 May, 2011.
  20. CYPRUS - Document - Europe and Central Asia: Concerns in Europe & Central Asia bulletin July-December 2005, Amnesty International. ციტირების თარიღი: 11 May, 2011.
  21. 21.0 21.1 21.2 Goodbye to Freedom?, Association of European Journalists. (Link is not available at the moment). ციტირების თარიღი: 12 May, 2011.
  22. Freedom of Expression, Media and Information in Cyprus. Organization for Security and Co-operation in Europe. ციტირების თარიღი: 11 May, 2011.
  23. Press Freedom Index 2007. დაარქივებული. - 7 February, 2012, the Wayback Machine, Reporters Without Borders. ციტირების თარიღი: 12 May, 2011.
  24. Press Freedom Index 2008. დაარქივებული. - 28 January, 2012, the Wayback Machine, Reporters Without Borders. ციტირების თარიღი: 12 May, 2011.
  25. Press Freedom Index 2009. დაარქივებული. - 28 January, 2012, the Wayback Machine, Reporters Without Borders. ციტირების თარიღი: 12 May, 2011.
  26. Press Freedom Index 2010. დაარქივებული. - 27 January, 2012, the Wayback Machine, Reporters Without Borders. ციტირების თარიღი: 12 May, 2011.
  27. "Cyprus: Two Cypruses, two versions of media freedom | Reporters without borders". RSF (in French). ციტირების თარიღი: 16 January, 2017.
  28. Jean Christou. "US report raps Cyprus over battle on flesh trade". cyprus-mail.com. დაარქივებული. - 30 September, 2007. ციტირების თარიღი: 13 October, 2007.
  29. Jacqueline Theodoulou. "A shame on our society". cyprus-mail.com. დაარქივებული. - 27 September, 2007. ციტირების თარიღი: 13 October, 2007.
  30. Cyprus - Amnesty International Report 2010, Amnesty International. (Link is not available at the moment). ციტირების თარიღი: 11 May, 2011.
  31. Human Trafficking Report 2010 - Cyprus, US Department of State. ციტირების თარიღი: 12 May, 2011.
  32. "Cyprus: Asylum Seekers Summarily Returned". Human Rights Watch. 29 September, 2020. ციტირების თარიღი: 29 September, 2020.
  33. Solutions, BDigital Web. "Decree bans additional asylum seekers from living in Chloraka". knews.com.cy. ციტირების თარიღი: 23 January, 2022.
  34. Solutions, BDigital Web. "Riot police move in after Chloraka brawl". knews.com.cy. ციტირების თარიღი: 23 January, 2022.
  35. "Chlorakas residents say at the point of no return (Updated)". ციტირების თარიღი: 23 January, 2022.
  36. Helena Smith (26 January, 2002). "Cyprus divided over gay rights". The Guardian. UK. ციტირების თარიღი: 20 January, 2011.
  37. OHCHR (7 January, 2011). "Report of the Office of the United Nations High Commissioner for Human Rights on the question of human rights in Cyprus". undocs.org. United Nations. ციტირების თარიღი: 18 March, 2017.
  38. "US Department of State Report on Human Rights in Cyprus". Asylumlaw.org. ციტირების თარიღი: 17 November, 2010.