ხიხვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხიხვი, ჯანანურა, ხიხვი (მწვანე)ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ივ. ჯავახიშვილმა ჯიშის ხნიერების განსაზღვრისათვის სახელწოდებათა ენობრივი ანალიზი გამოიყენა და დაადგინა, რომ ხიხვი რქაწითელზე უფრო ხნიერი ჯიშია, ხოლო მისი წარმოშობა დაახლოებით III-IV საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო, სამ, იშვიათად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე საშუალო სიხშირის აბლაბუდისებრად და ჯაგრისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალოზე მცირეა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, მხრიანი. მხრების სიგრძე ხშირად მტევნის ნახევარს აღწევს. მეცხერია, იშვიათად საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ძირითადად მომრგვალო, ზოგჯერ ოვალური ფორმის მარცვლებიც გვხვდება მომწვანო-მოყვითალო ელფერით, მზის მხარეს სიდამწვრის ლაქებით. კანი თხელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სუსტად დაფარული. რბილობი წვნიანი და მდნარია, ძალიან სასიამოვნო გემოთი და გამოხატული ჯიშური არომატით. წვენი უფერულია.

ხიხვი საშუალო ზრდით გამოირჩევა, ხოლო მისი მოსავლიანობა საშუალოზე მცირეა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 145 დღეა. მტევნის წონა 80-250 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-6.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 26-27%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.2-8.3 გ/ლ-ს.

მისგან მზადდება მაღალხარისხიანი, ევროპული სუფრის თეთრი, მშრალი და კახური სუფრის ღვინოები. ევროპული სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია, გამჭვირვალე, სასიამოვნო ჯიშური არომატით, ნაზი, სრული და ჰარმონიული გემოთი. კახურად დაყენებული კი — მუქი ჩალისფერია, საკმაოდ სხეულიანი, სრული და ჰარმონიული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 519
  • მ. ხარბედია, „ქართული ღვინის გზამკვლევი“, გვ. 50-51, თბ., 2013

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]