ეგურძგული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეგურძგული, ეგუძგურიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

ოდესღაც მთელ კოლხეთში იყო გავრცელებული, მაგრამ ამჟამად მცირე ნარგავებია დარჩენილი მაღლარების სახით.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო ან განივოვალური ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, იშვიათად მომრგვალო, თეთრი ფერის, მომწიფებული მარცვალი გამჭვირვალე ქარვისფერია.

ეგურძგული ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან შედის. საჰექტარო მოსავლიანობა 13.0-16.0 ტონას შორის მერყეობს. შაქრის კარგად დაგროვების უნარი გააჩნია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 21.2%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.9 გ/ლ-ს.

მიიღება საუკეთესო ხარისხის თეთრი ღვინო, ასევე გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 115