დაიბადა 1953 წლის 22 ოქტომბერს, თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. მუშაობდა მასწავლებლად, რედაქტორად, თარჯიმნად საქინფორმში (საინფორმაციო სააგენტო „საქართველო“).
1989 წლის აპრილში მონაწილეობდა საქართველოს მონარქიული პარტიის შექმნაში, მასში განხეთქილების შემდეგ შექმნა და სათავეში ჩაუდგა საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირს, შემდგომში შემავალს ბლოკში მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო. საქართველოს უმაღლესი საბჭოს მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ — თავმჯდომარის მოადგილე, 1991 წლის 18 აპრილიდან — საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ფორმალურად იკავებდა ამ პოსტს, სანამ უმაღლესი საბჭო არ განიდევნა საქართველოდან სახელმწიფო გადატრიალების დროს, თუმცა პარლამენტის ხელმძღვანელობისგან ფაქტობრივად გადადგა 1991 წლის ოქტომბერში ჯანმრთელობის მდგომარეობის საბაბით, რის შემდეგ მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციას ფაქტობრივად ასრულებდა მისი მოადგილე ნემო ბურჭულაძე.