Gewehr 43

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Gewehr 43

Gewehr 43 შაშხანები რკინის სამიზნითა და ოპტიკით
ტიპი ნახევრადავტომატური შაშხანა
წარმომავლობის ქვეყანა ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 1943-1945
ომები და კონფლიქტები მეორე მსოფლიო ომი
ინდოჩინეთის პირველი ომი
წარმოების ისტორია
შექმნის თარიღი 1943
მწარმოებელი Walther
წარმოების პერიოდი 1943–1945
რაოდენობა 402,713
მახასიათებლები
წონა 4.4
სიგრძე 1115
ლულის სიგრძე 550 მმ

ვაზნა 7.92×57 მმ მაუზერი
მუშაობის პრინციპი გაზზე მომუშავე
ჭურვის/ტყვიის საწყისი სიჩქარე 746–776 მ/წმ
დამიზნების მანძილი 500 რკინის სამიზნით
800 სნაიპერული ოპტიკით
დატენვის სისტემა 10 ვაზნიანი მოხსნადი მჭიდი ან 5 ვაზნიანი სავაზნე მჭერი
სამიზნეები რკინის სამიზნე ან სნაიპერული ოპტიკა

Gewehr 43 ან Karabiner 43 („გევერ 43“, გვხვდება აბრევიატურებით: G43, K43, Gew 43, Kar 43) — მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი გერმანული ნახევრადავტომატური შაშხანა, რომელიც იყენებს 7.92×57მმ მაუზერის ვაზნებს. Gewehr 43-ის დიზაინი დაფუძნებული იყო მის ადრინდელ ვარიანტზე, Gewehr 41-ზე, თუმცა სიახლე იყო გაუმჯობესებული გაზზე მომუშავე მექანიზმი, რომელიც საბჭოთა წარმოების SVT-40-ს ჰგავდა. Gewehr 43 იწარმოებოდა ინოვაციური მასიური წარმოების მეთოდით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანიის სურვილმა, შეიარაღებაში ჰქონოდა ნახევრადავტომატური შაშხანები, გამოიწვია ორი სხვადასხვა დიზაინის იარაღის შექმნა, ესენი იყო G41(M) და G41(W). პირველი გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია მაუზერის შექმნილი იყო, მეორე კი ვალტერის (ფრჩხილებში მიწერილი M და W სწორედ იმას აღნიშნავდა, თუ რომელი მწარმოებლის შექმნილი იყო შაშხანა). მაუზერის შექმნილი იარაღი 1941 წელს გამოჩნდა და 12,755 ეგზემლპარი დამზადდა, თუმცა საბრძოლო პირობებში არასაიმედო აღმოჩნდა. ვალტერის შაშხანა უკეთესი აღმოჩნდა, მაგრამ მასაც ჰქონდა გარკვეული პრობლემები. ორივე იარაღის შემთხვევაში პრობლემის სათავე იქიდან მოდიოდა, რომ გერმანულმა ჯარმა მოითხოვა, შაშხანის ლულას არ ჰქონოდა ნახვრეტები, რომლითაც ავტომატურად დამტენი სისტემა მუშაობდა. ამ მოთხოვნის გათვალისწინება ნიშნავდა, რომ კონსტრუქტორებს უწევდათ არასტანდარტული მექანიზმების ძიება, რომლებიც უბრალოდ საიმედო არ იყო.

საბჭოთა კავშირში შეჭრისას გერმანელებმა ხელში ჩაიგდეს საბჭოური SVT-40-ების მცირე რაოდენობა, რომლებიც გერმანიაში გამოსაკვლევად გაიგზავნა. SVT-40 იყენებდა მარტივ გაზის მექანიზმს, რომელსაც ლულის ბოლოდან დაახლოებით 1/3-ზე არსებული ამოჭრილი ღიობი ამუშავებდა. სტანდარტული სავაზნე მჭერების მაგივრად კი ის კოლოფისებურ მჭიდს იყენებდა. SVT-40 აშკარად უფრო მარტივი და უპირატესი მექანიზმის მქონე იარაღი იყო, ვიდრე G41. 1943 წელს ვალტერმა აწ უკვე ნახსენები საბჭოური შაშხანის მსგავსი გაზზე მომუშავე მექანიზმი და G41(W)-ის მახასიათებლები გააერთიანა და მიიღო ბევრად გაუმჯობესებული შაშხანა. ეს იყო უფრო გამძლე, მარტივი და მსუბუქი იარაღი, რომლის წარმოებაც ადვილად ხდებოდა. იარაღი შეიარაღებაში მიიღეს სახელით Gewehr 43, მოგვიანებით კი 1944 წლის აპრილში სახელი გადაარქვეს და Karabiner 43 უწოდეს. მისი წარმოება 1943-1945 წლებში ხდებოდა, რა დროსაც დამზადდა 400,000-ზე ოდნავ მეტი ეგზემპლარი. გამძლეოიბს გამო გერმანული სამთო დივიზიების ჯარისკაცები Gewehr 43-ს კიბეების საფეხურებადაც კი იყენებდნენ. 10 ვაზნიანი მოხსნადი მჭიდის დამატება კი დიდი გაუმჯობესება იყო G41-ის შიდა ინტეგრირებული მჭიდის 5 ვაზნიანი მჭერებით დატენვასთან შედარებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chris Bishop (2002). The Encyclopedia of Weapons of World War II. Sterling Publishing Company. p. 217.
  • David Westwood (2005). Rifles: An Illustrated History of Their Impact. ABC-CLIO. pp. 338–339.
  • Chris McNab (2013). German Automatic Rifles 1941-45: Gew 41, Gew 43, FG 42 and StG 44. Osprey Publishing. pp. 34 and 40.
  • Senich, Peter R., The German Assault Rifle, 1935-1945, Paladin Press, Boulder, Colo. USA, 1987 p. 147

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Gewehr_43&oldid=4402544“-დან