ჯორდანო ბრუნოს ქანდაკება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯორდანო ბრუნოს ქანდაკების ფოტოსურათი.

ჯორდანო ბრუნოს ქანდაკება — გამოჩენილი იტალიელი ასტრონომის, ფილოსოფოსისა და პოეტის – ჯორდანო ბრუნოს – ქანდაკება იტალიაში, ქალაქ რომში, რომელიც აღმართულია იმავე ადგილზე, სადაც ჯორდანო ბრუნო დაწვეს. ქანდაკების აღმართვამ გამოიწვია დაპირისპირება რომის კათოლიკურ ეკლესიასა და თავისუფალ მასონებს შორის. 1884 წლის 20 აპრილს რომის პაპმა ლეო XIII-ემ გამოაქვეყნა ენციკლიკა Humanum Genus, რომელშიც დაგმო თავისუფალი მასონები და მათი იდეოლოგია. ამის საპასუხოდ მასონებმა გადაწყვიტეს კათოლიკური ეკლესიის მიერ ერეტიკოსად გამოცხადებული ჯორდანო ბრუნოს ძეგლის აღმართვა იმავე ადგილას, სადაც იტალიელი მოაზროვნე სიკვდილით დასაჯეს 1600 წელს. ქანდაკების შექმნა შესთავაზეს ეტორე ფერარას, რომელსაც ამავე დროს ეკავა აპენინის ნახევარკუნძულზე ერთადერი მოქმედი მასონური ლოჟის — „იტალიის დიდი აღმოსავლეთის“ მაგისტრის თანამდებობა. [1]. ქანდაკების აღმართვას მოჰყვა დაპირისპირება მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის — რომის მუნიციპალური საბჭოს წევრთა უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა ჯორდანო ბრუნოს ქანდაკების აღმართვას, თუმცა აღმართვის წინააღმდეგ მიმართულმა წარუმატებელმა ინტრიგებმა გამოიწვიეს იტალიის მოსახლეობისა და რამდენიმე ევროპელი საზოგადო მოღვაწის უკმაყოფილებლობა და აღშფოთება[2]. რომის უნივერსიტეტში, რომლის პროფესორთა უმრავლესობა მხარს უჭერდა ქანდაკების აღმართვას, შეწყდა ლექციები და სტუდენტებს მიეცათ საშუალება ღიად გამოეხატათ უკმაყოფილება იმ პროფესორებით, რომლებიც შედიოდნენ მუნიციპალურ საბჭოში და ხელს უშლიდნენ ქანდაკების აღმართვას[2]. მიუხედავად იმისა, რომ ეტორე ფერარამ ქანდაკება უსასყიდლოდ შექმნა, კამპო დელ ფიორიზე მისი აღმართვა მხოლოდ შექმნიდან ათი წლის შემდეგ მოხერხდა. ქანდაკება ოფიციალურად გაიხსნა 1889 წლის 9 ივნისს, მასონური, სამეცნიერო, საზოგადო და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების თანდასწრებით. აღმართვიდან ერთი წლის შემდეგ, 1890 წელს, პაპმა ლეო XIII-ემ გამოაქვეყნა ახალი ენციკლიკა - Ab Apostolici, რომელშიც გააფრთხილა იტალია მასონების ზეგავლენაზე და მოუწოდა მათ დაშლისკენ.[3]. დღეისათვის კამპო დელ ფიორიზე აღმართული ქანდაკება არის ათეისტებისა და „Libero pensatore“-თა შეკრების ადგილი.[4].

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ევროპული ალმანაქი. — მოსკოვი: გამომცემლობა, 1990.
  2. 2.0 2.1 იულიუს ანტონოვსლკი თავი 6 // ჯორდანო ბრუმი: მისი ცხოვრება და ფილოსოფიური მოღვაწეობა. — 1891. — გვ. 80. — ((რუსული)Жизнь замечательных людей (1890—1924)).
  3. Eugen Lennhoff, Oskar Posner, Dieter A. Binder: Internationales Freimaurer-Lexikon. 5. überarbeitete Auflage. Herbig Verlag. ISBN 978-3-7766-2478-6
  4. Paula Findlen, «A Hungry Mind: Giordano Bruno, Philosopher and Heretic», The Nation, September 10, 2008. «Campo de' Fiori was festooned with flags bearing Masonic symbols. Fiery speeches were made by politicians, scholars and atheists about the importance of commemorating Bruno as one of the most original and oppressed freethinkers of his age.» Accessed on 19 September 2008

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]