ხურთისის ციხე-სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხურთისის ციხე-სახლი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ხურთისის ძველ უბანში, კლდოვანი მთის ფერდობზე. თარიღდება XVIII საუკუნით.

სახლი სამსართულიანია, ჩრდილოეთი ნაწილი ფერდობშია შეჭრილი და სართულებიც ერთიმეორეს მიმართ ქანების შესაბამისადაა განლაგებული, ამის გამო სამივე სართული სხვადასხვა სიღრმისაა. შენობა გეგმით სწორკუთხაა, ნაგებია ქვით. ფასადებზე გამოყენებულია რუხი, ყავისფერი და მოწითალო თლილი ქვებით. სარკმლებსა და სათოგურებზე მონაცრისფრო ქვიშაქვაა. შესასვლელი დასავლეთიდანაა, მეორე სართულზე. პირველი სართული გაყოფილია ორად ერთ სათავსს საქონლის სადგომად იყენებდნენ, საქონელი მეორე სართულიდან პანდუსით ჩაჰყავდათ. მეორე - საჭურვლის შესანახი საიდუმლო სათავსი იყო. ახლა აქ ჭირნახულს ინახავენ. ამ სათავსში ჩასასვლელიც მეორე სართულიდანაა. ორივე სათავსის სამხრეთ კედელში სარკმელ-სათოფურებია გაჭრილი.

მეორე სართული რომელასაც ზამთარში საცხოვრებლად იყენებდნენ, ყველაზე დიდია. ადრე იგი ერთანი ყოფილა, ამჟამად ტიხრებით ოთხადაა გაყოფილი. სამხრეთ კედელში ოთხი სარკმელ-სათოფურია, დასავლეთისაში — ორი. სარკმლებს ქვის კიბისებრი რაფები აქვს. პირველი და მეორე სართულის გადახურვები ეყრდნობა პირველ სართულიდან ამოყვანილ ქვის ორ სწორკუთხა ბურჯსა და ქვის ბალიშებით დასრულებულ ხის ხუთ სვეტს, რომლებზეც გადებულია დიდი მორი. ჩრდილოეთით კედლის შუაში მეორე და მესამე სართლების დამაკავშირებელი კიბეა.

მესამე სართლი ქვედა სართულებზე ვიწროა და ფერდობისკენაა გაწეული. წინ პარაპეტით შემოსაზღვრული ბანი აქვს. შედგება გრძივი მიმართლებით განლაგებული სამი ნაწილისგან. შუაში ტამბურია, რომელშიც მეორე სართულიდან ქვის კიბე ამოდის, გვერდებზე კი — თითო მოზრდილი ოთახი. ბანის მხარეს ორივე ოთახს ორ-ორი ფართო დაბალი სწორკუთხა სარკმელი აქვს. ადრე მათ ადგილას ქვედა სართულების მსგავსი სარკმლები ყოფილა, რომლებიც მოგვიანებით გაუგანიერებიათ. ბანზე კარი ტამბურიდან გამოდის. ტამბური ორივე ოთახს თითო სწორკუთხა კარით უკავშირდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]