ხიზაბავრის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხიზაბავრის წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მდებარეობს სოფ. ხიზაბავრის „შუა უბანში“, სოფლის წყაროს სიახლოვეს ხელოვნურად შექმნილ ტერასაზე.

ეკლესია ერთნავიანია, რომელიც ნაგებია ადგილობრივი მუქი ნაცრისფერი ბაზალტის კარგად გათლილი მოზრდილი კვადრებით. დარბაზის სივრცე პილასტრებითა და საბჯენი თაღით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. შესასვლელი ერთია, სამხრეთიდან. თითო სარკმელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებშია გაჭრილი. ოსტატი კედლის აგებისას, როგორც შიდა მხარეს, ისე ფასადზე წყობის ჰორიზონტალურ რიგებს საგულდაგულოდ იცავს. კონქი და ცილინდრული კამარა გამოყვანილია ასევე გათლილი ბაზალტის ფილებით. იატაკი მთლიანად მოგებულია ქვის ფილებით, საკურთხეველი აწეულია ერთი საფეხურით. საკურთხეველი დარბაზისაგან გამყოფილია მარტივი ხის კანკელით, სადაც აღსავლის კარის გვერდებზე მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ფერწერული ხატებია ჩასმული.

თვალშისაცემია მარალი ოსტატობით გათლილი ქვის სადა ფასადები, რომელთა ერთადერთი მორთულობა საკურთხევლის სარკმლის ზემოთ ერთი ღარით ამოკვეთილი ჯვარია. ამავე ფასადზე წარწერას, კრებულში „ჯავახეთი“, ავტორები ასე კითხულობენ და განმარტავენ: „ქრისტე შეიწყალე... მამა სულითა და გიორგი შეიწყალე“, რომელიც პალეოგრაფიულად XI საუკუნეს მიეკუთვნება. ეს ის დროა, როდესაც რიგით სასაფლაო ეკლესიასაც ოსტატები აგებდნენ.

ტაძრის ფასადები დასრულებულია თაროსებრი, მოკლე ფასადებზე „გადანაკეციანი“, კარნიზებით. სახურავი შემოსილია ბაზალტის ლორფინით (სამხრეთის ფერდზე ლორფინი ლილვიანია და ჩრდილოეთისაზე სადაა ლილვის გარეშე) მიუხედავად ფასადებისა და კარნიზის არაერთგზის შეკეთებისა, XI საუკუნის ტაძარმა ჩვენამდე თითქმის უცვლელი სახით მოაღწია.

ეკლესიის გარშემო ძველი საფლავებია. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით კედელში ჩატანებულია ქვის ლოდი წარწერით, რომელიც სრულიად არ იკითხება და საუბარია საროელთა მიერ (...ჩვენ საროელმან...) რაღაცის აღმართვაზე, ტექსტი ნაწერია მხედრულნარევი ხუცურიტ. სოფ. სარო ხიზაბავრის მეზობლადაა).

ტაძართან ახლოს წყაროა ბაზალტის ერთიან ქვაში გამოკვეთილი წყლის ღია ავზების კასკადით. წყარო და მის წინ მოედანი გარშემორტყმულია მრავალწლიანი ხეებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. მარსაგიშვილი, „ხიზაბავრის წმინდა გიორგის ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 472-473

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]