ხეითის ლიახვისპირა კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხეითის ლიახვისპირა კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საცხოვრებელი ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეითში, მდინარე ლიახვის მარცხენა ნაპირზე. აგებულია XVII-XVIII საუკუნეებში. იგი ორსართულიანი საცხოვრებელი კოშკია, ორი ოთახით. ნაგებია, როგორც რიყის, ისე ფლეთილი ქვით. წყობა მჭიდროა.

შესასვლელი კარი მეორე სართულიდან აქვს. კარის წინ მოწყობილი იყო ორ ძლიერ კოჭზე გამართული ბაქანი. ბაქანზე ადიოდნენ მისადგმელი კიბით. შესასვლელიდან მარჯვნივ კედელში დაყოლებული კიბე პირველ სართულს უკავშირდება. საცხოვრებელი მეორე სართულზეა, პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა.

მეორე სართულის ოთახი რვაკუთხედით შემოფარგლულ სივრცეს წარმოადგენს, რომლის წახნაგებშიც ღრმა კამარაგადავლებული უბეებია მოთავსებული. კამარით გადახურული ოთახი საზვერავ-სათოფურებითაა გამართული.

გარედან კოშკი დაბალია. ერთადერთი დეკორატიული ელემენტი თაღოვანი კარის ზემოთ მოთავსებული ჯვარია. იგი ამოკვვეთილია მოგრძო ქვაზე. კოშკის პირველი სართული ამოვსებულია მიწით. ბანი დაზიანებულია. სართულშუა გადახურვა მოშლილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზაქარაია პ. ხეითი, მისწიგნში: "საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები", თბ., "მეცნიერება", 1973, გვ. 157.
  • ცინცაძე ვ. საცხოვრებელი სახლის ერთი სახის დახასიათებისათვის საქართველოში, (კოშკისოფელხეითში), "ქართულიხელოვნება", 1955 , #4, გვ. 233.
  • МеписашвилиР., ЦинцадзеВ., ПамятникиУ-Х1 вв. Вкн.:"АрхитектуранагорнойчастиисторическойпровинцииГрузии - Шида-Картли", Тб., 1975, стр.166.
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 255-257