ხარჯამის მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხარჯამის მეჩეთი — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარჯამში. მეჩეთი აგებულია XIX საუკუნეში, ადგილობრივი მუსლიმი მესხების მიერ, რომელთა შთამომავლებიც 1944 წელს სტალინმა შუა აზიაში გადაასახლა.

ხარჯამის მეჩეთის გარე ფასადი თლილი, თეთრი ქვითაა მოპირკეთებული. გაფორმებულია სადა და დახვეწილი ჩუქურთმებით. ამშვენებს შეისრული თაღები. შესასვლელის ჭერი წარმოადგენს მესხური დარბაზის კლასიკურ გადახურვას. სახურავი მოპირკეთებულია სპილენძით და ამშვენებს მუზარადისებური პატარა გუმბათი, რომელიც დამახასიათებელია სამცხე-ჯავახეთში, XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში აგებული მეჩეთებისათვის. დარბაზის ჭერის გაფორმება დიდ მსგავსებას ავლენს როგორც სამცხე-ჯავახეთის, ასევე – აჭარისა და ისტორიული ლაზეთ–ტაო-კლარჯეთის ამავე პერიოდის მეჩეთებთან. მეჩეთის ინტერიერი დაზიანებულია. უმეტეს ნაწილში ჩამოცვენილია ბათქაში.

ხარჯამის მეჩეთს 2012 წელს საქართველოს კულტურის სამინისტრომ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17817