ხადურიანთუბნის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხადურიანთუბნის ციხე — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადურიანთუბანში. აგებულია XVIII საუკუნეში.

სიმაგრე შედგება ორი ცილინდრული კოშკისა და გალავნისაგან. დასავლეთით მდებარე კოშკი თითქმის მთლიანად დანგრეულია. სიმაგრე მდებარეობს მდ. პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირზე, მდინარეში შეჭრილ კლდოვან კონცხზე, რომელსაც სამი მხრიდან მდინარე შემოუყვება. აღმოსავლეთის კოშკი ოთხი სართულის დონეზე შემორჩა.

პირველ სართულს გარედან შესასვლელი არ გააჩნია. მასში მოხვედრა შეიძლება მეორე სართულიდან, კედელში ჩატანებული 10 საფეხურიანი კიბით. ჩრდილოეთით სწორკუთხა კარებია. კოშკის შიდა ფორმები იმეორებს გარეთა ფორმებს, სათავსები მრგვალი გეგმისაა. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაბალი და განიერი, სწორკუთ-ხა ნიშია, რომლის კუთხეებში ორი სათოფურია გაჭრილი. კედლის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში გაჭრილია ირიბი სარკმლები, რომლის გარეთა ღიობები ცერად მიემართებიან და საკმაოდ მაღლა გამოდიან გარეთა ზედაპირზე. სამხრეთ-აღმოსავლეთით და დასავლეთით ისეთივე ნიშებია, როგორიც ჩრდილო-აღმოსავლეთით. სართული გადახურული იყო ბრტყელი, კოჭოვანი ჭერით, რომელიც ჩამონგრეულია.

მეორე სართული გადახურულია კონუსისებრი გუმბათით. ჩრდილოეთით თაღოვანი შემოსასვლელია. გარედან შემოდიოდნენ მისადგმელი კიბით. კარს აქვს საურდულე. ჩრდილო-აღმოსავლეთით თაღოვანი კარებია, საიდანაც იწყება მესამე სართულზე ასასვლელი კიბე. აღმოსავლეთით თაღოვანი ნიშაა შეწყვილებული სათოფურით. ანლოგიური ნიშებია სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით. სამხრეთით თაღოვანი ბუხარია, დასავლეთით სარკმლები. ჩრდილო-დასავლეთით თაღოვანი კარე-ბია, რომლისგანაც იწყება პირველ სართულზე ჩამავალი, კედელში ჩატანებული კიბე. კიბის ბაქანში სამი სათოფურია, მის შუა სექტორში კი ერთი.

მესამე სართულს გადახურვა არ შემორჩა. სართულზე ამოსასვლელი (კედელში ჩატანებული) კიბე ჩრდილოეთით მოთავსებულ თაღოვან კარებში შემოდის. დასავლეთ კედელში დატანებულია სწორკუთხა ნიშა, რომელშიც გაჭრილია ვიწრო სარკმელი. მის ქვემოთ შეწყვილებული სათოფურია. ასეთივე ნიშები (უსარკმლოდ) არის ჩრდილო-დასავლეთით, სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამხრეთით მდებარე ნიშა განგრეულია. აღმოსავლეთით კედელში ჩატანებულია ტუალეტი. ტუა-ლეტის აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელი და სათოფურია. ჩრდილო-აღმოსავლეთით მოთავსებული კარიდან იწყება IV სართულზე ამავალი კიბის ბაქანი.

მეოთხე სართულის კედლები 1 მეტრის სიმაღლისა შემორჩა. ნიშები და სათოფურები მოშლილია. მესამე სართულიდან ამომავალი კიბე ჩრდილოეთით მდებარე კარებთან მთავრდება.

კოშკის დასავლეთით ხუთიოდე მეტრში დგას ანალოგიური კოშკის ნანგრევი. კოშკებს შორის იყო გალავანი. ისიც დანგრეულია. სხვა მხარეს გალავნის ნაშთები არ შეიმჩნევა, თუმცა მათი არსებობა არც იყო საჭირო, ვინაიდან კონცხი ფაქტობრივად მიუდგომელია. დასავლეთი კოშკიდან გადარჩა პირველი სართულის ფრაგმენტი. მისი ინტერიერის აღწერა შეუძლებელია ხშირი ბუჩქნარის გამო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Закарая П. КрепостныесооруженияКартли. Тбилиси, «Мецниереба», 1968, стр. 65-68.
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 245-247