წირქოლის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წირქოლის წმინდა გიორგის ეკლესია — არიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ წირქოლში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები, რომელიც მოგვიანებით შეულესავთ. ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია ქართული აგური.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ღრმა, ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. სარკმლის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. საკურთხეველში დგას ტრაპეზის ორი ქვა. აბსიდის იატაკის დონე ერთი საფეხურით მაღალია დარბაზისაზე. კონქი სფერულია. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია მცირე ზომის მხრებით. აბსიდში შემორჩენილია ფრესკული წარწერა (ასომთავრულ-ნუსხური). შემორჩენილია ხის კანკელის მცირე ფრაგმენტები.

ეკლესიის კამარა ნახევარცილინდრულია. დარბაზი ნათდება დასავლეთ და აღმოსავლეთ კედელში დატანებული თითო თაღოვანი სარკმლით.

არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. ამავე კედელში მოთავსებულია ორი სწორკუთხა ნიშა. ეკლესიის იატაკი მოპირკეთებულია ოთხკუთხა ქვის ფილებით.

ეკლესიის დასავლეთ კეხზე მოწყობილია სამრეკლო _ ღია, თაღოვანი ფანჩატური. სამრეკლოს სახურავი ოთხქანობიანია. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური.

დასავლეთ ფასადის ჩრდილოეთ ნაწილში ორი ტოლმკლავა ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა.

ეკლესიის კარნიზი მარტივპროფილიანია. სახურავად გამოყენებულია კრამიტი. ძეგლის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 245-246