წითლობის წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წითლობის წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა. და მიეკუთვნება ეგრედ წოდებულ „ბერძნულ“ სტილს ( საქართველოში მეცხრამეტე საუკუნეში ბერძენ ანატოლიელ ხელოსანთა ჯგუფი მოქმედებდა). იგი ფლეთილი ქვითაა ნაშენები, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებული თლილი ქვით და ქართული აგურით. ეკლესია დაზიანებულია, ფასადებს აქვთ ბზარები, სამხრეთ და აღმოსავლეთ ფასადებს განსაკუთრებით. ჩამონგრეულია კონქი და კამარა, ადგილობრივმა მოსახლეობამ კედლების ზედა ნაწილები ცემენტით და ქვებით აამაღლა, გრძივ კედლებზე კი რკინის კოჭები გასდო და დაადგა ნახევარცილინდრული რკინაბეტონის კამარა. ნახევარწრიული ღრმა აფსიდაა აღმოსავლეთით თაღოვანი, ცენტრში მაღალი, განიერი სარკმელით. აფსიდის ჩრდილოეთ კუთხეში ერთი ვიწრო და სწორკუთხა ფორმის და ერთი მაღალი, განიერი და თაღოვანი ნიშაა, ხოლო სამხრეთ ნაწილში - დიდი, სწორკუთხა ნიშა იატაკიდანაა დაწყებული. აფსიდას კონქი არ აქვს - შემორჩენილი დეტალებიდან კი აშკარაა, რომ იგი ქართული აგურის იყო, ისევე როგორც სარკმელების პირები. აფსიდის იატაკი მოგებულია ქართული აგურით. აფსიდის იატაკი მაღალია ერთი საფეხურით დარბაზის იატაკზე და სამხრეთ კუთხეშია ქვს შერჩენილი ქართული აგურით ნაგები კანკელის ფრაგმენტი. აღსავლის კართან იატაკზე წრიული ფორმის ქვა - სოლეა დევს. აფსიდას და საერთოდ ინტერიერის კედლებს შელესილობის ფრაგმენტები აქვთ შერჩენილი. დარბაზის იატაკი მოწყობილია ქართული აგურით და რიყის ქვით. ინტერიერის კედლების ქვედა ნაწილი ნაშენია არიყის და ფლეთილი ქვით, ხოლო ზედა კი ქართული აგურით და რიყის ქვით. გრძივი კედლებისაგან მხრებით გამოყოფილია აფსიდა. განიერი პილასტრებით ორ-ორ ნაწილად იყოფა გრძივი კედლების სიბრტყე. აღმოსავლეთ ნახევრებში კი ჩასმულია აფსიდის სარკმელის ანალოგიური სარკმელები. პილატრებს აქვთ თლილი ქვის მარტივი ბრტყელი კარნიზები, რომლებზეც გადასულ თაღს ტრიუმფალურ თაღთან და დასავლეთ კედლის კუთხეებში დატანებულ ნახევარპილასტრებზე დაყრდნობილი ნახევართაღი ეჭირათ ნახევარცილინდრული ფორმის კამარასთან ერთად, რომელიც, სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ართული აგურის. სამხრეთ კედლის დასავლეთ ნახევარში განიერი, სწორკუთხა ფორმის შესასვლელია, რომელსაც ინტერიერის მხრიდან აქვს ხის არქიტრავი. ყრუა დასავლეთ კედელი, სავარაუდოდ სარკმელი უნდა ყოფილიყო მის უკიდურეს ზედა ნაწილში, რომელიც სამწუხაროდ არ შემორჩა. ეკლესიას ადგილობრივი მოსახლეობის მიერ რკინაბეტონის ნახევარცილინდრული კამარა და რკინის კარკასი აქვს დადგმული, რომელიც დემონტაჟს აუცილებლად ექვემდებარება. აღმოსავლეთ ფასადის ცენტრში თაღოვანი სარკმელის ღიობია. სარკმელს აქვს ქართული აგურის საპირეები. რიყის ქვისაა ფასადის ქვედა ზოლი, მის ზემოთ კი მცირედ რიყის ქვის და ფლეთილი ქვის წყობაა, წყობაში ქართული აგურის ზოლებია ჩატანებული. ფასადის კუთხეებში გამოყენებულია შედარებით დიდი ზომის უხეშად დამუშავებული ადგილობრივი კლდის ჯიშის ქვები. ფასადის ზედა ნაწილში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაშენებულია ქართული აგურის და ბეტონის ფილების ზოლი და მოწყობილია რკინაბეტონის უხეში სარტყელი. თაღოვანი სარკმელის ღიობია სამხრეთ ფასადის ცენტრში, დასავლეთ ნაწილში შესასვლელი, რომელსაც გვერდითი წირთხლები თლილი ქვისა აქვს და ქართული აგურის თაღშემოვლებული თლილი ქვის ტიმპანი. ამ ფასადის ზედა ნაწილიც ისევეა დამახინჯებული, როგორც აღმოსავლეთი ფასადი. ჩრდილოეთის ფასადიც სამხრეთის ფასადის ანალოგიურია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ შესასვლელი არა აქვს. მთლიანად ყრუა დასავლეთის ფასადი და თანამედროვე „აღდგენა - რესტავრაციით“ დანარჩენებზე მეტად არის დამახინჯებული .

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39409