წაწლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წაწლობა (წაწოლა) — ფშავში ქალ-ვაჟის ერთად დაწვენის ჩვეულება, რომელსაც აგრეთვე ნადობ-ნაძმობსაც უწოდებენ.

წაწლობა ქალ-ვაჟთა შორის სქესობრივი სიმწიფიდან იწყებოდა, ასე თოთხმეტი წლიდან, რომლის წესების ასრულება მათთვის საძრახისი არ იყო, წინააღმდეგ, წაწლობა და წაწლების ყოლა მათში სახელია და ვისაც მეტი წაწლები ჰყავს ის უფრო მიღებული და ქებულია.

თუ ახალგაზრდა ვაჟი ან ქალი ფშავში არ წაწლობს მას „მწერელ ჩვილს“ უწოდებენ ე. ი. ბეჩავ-უხეიროს. მათი შეხედულებით ვაჟი ან ქალი „ილეთი“ უნდა იყოს, რომ თავის გარეგნულ სილამაზესთან ერთად, კარგი ქცევით, დარდიმანდობით და მოლხენით წაწლებს იზიდავდეს.

წაწლობა ფშავში არსებობს ნათესავთა და უცხოთა შორის. როდესაც ნათესავი ქალ-ვაჟი ასაკში დგებოდნენ მათ შორის წოლა იმართებოდა, როგორც სახლში ისე მის გარეთაც, მაგრამ ისე რომ უფროსებს ეს არ დაენახათ. დაწოლა ხდებოდა ტანისამოსიანად, ერთმანეთს წაწლობაზე საუბრით ართობდნენ და დროს ატარებდნენ ალერსში და ხვევნა-კოცნაში. მიუხედავად სიახლოვისა ნაძმობს ჰქონდა ურთიერთობებში გარკვეული შეზღუდვები რაც სასტიკად ისჯებოდა თემის სჯულით და წესებით. ნადობის დაორსულების შემთხვევაში წყვილი იდევნებოდა თემიდან როგორც წესების შეურაცხმყოფელნი ან ისჯებოდნენ სიკვდილით. ამის გამო ნათესავთა შორის წაწლობა შედარებით იშვიათი მოვლენა იყო და ამდაგვარი საქციელიც არ იყო საქებარი და ინახებოდა საიდუმლოდ წყვილს შორის.

უცხოთა შორის წაწლობა, პირველ ყოვლისა ერთმანეთის მოწონებაზე და ტრფიალზე იყო დამყარებული. თუ ვაჟს ქალი მოეწონა, ან ქალს ვაჟი ისინი ერთმანეთს ნაძმობ-ნადობობას უცხადებდნენ. დაახლოების შემდეგ მათ შორის წოლა იმართებოდა.

ახლად შეყრილი წაწლები, პირველ ხანებში, სახლის გარეშე სადმე მიმალულ ადგილას ნაბდის ქვეშ წვებოდნენ ტანისამოს გაუხდელად. დანიშნულ ადგილას ქალთან მუდამ ვაჟი მიდიოდა, ქალი თავს მოიმძინარებდა და ვაჟს ის უნდა გამოაღვიძა თავისი ალერსით და ტკბილი საუბრით.

წაწლობის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია ეროტიკული ურთიერთობა და ამავდროულად ბავშვის გაჩენისაგან თავის არიდება რაც სირცხვილად ითვლებოდა. ფშავში მიღებული იყო მრავალწაწლიანობა, ზოგს ხუთი ჰყავდა, ზოგს — ათი...

ერთი თემის წაწლებს ხატისაგან აკრძალული ჰქონდათ შეუღლება და წესის დამრღვევი თემიდან იდევნებოდა. მხოლოდ სხვადასხვა თემის წაწლებს შეეძლოთ შეუღლება. ამავდროულად უცხო ტომთან წაწლობა მიღებული არ ყოფილა.

წაწლობის გამო ბევრი უსიამოვნება წარმოშობილა უკვე შემდგარ ოჯახებში, სადაც ქმარი ცოლს წაწლობის ნებას არ აძლევდა. წაწლობის მიზეზის გამო ფშავში ხშირი იყო გაყრა.

ფშავში წაწლობის წარმოშობას ლაშა-გიორგის უკავშირებენ და თვლიან რომ ის მისი განწესებული იყო და ლაშარობას მიღებულია საზოგადო წოლა. მათივე თქმით ლაშარის ჯვარი ქალთან დაწოლას არ უშლიდა.

თქმულების მიხედვით ლაშა-გიორგი „ფშავის-ხევში“ ყოფილა იქ სადაც მისი ნიშია. იქ აუშენებია ეკლესია და ბერები განუწესებია, მერე იქედან ქალაქში ჩამოსულა და თავის დას რუსუდანს უკითხავს: რა ამბავი იყო, როგორ არის ფშავეთის საქმეო? ლაშას უპასუხია, ეკლესიაც ავაშენე და მწირველი ბერებიც დავადგინეო, წაწლობა სცოდნიყო ფშაველებსო, კინაღამ მომატყუეს მეცაო, დამჩვიესო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]