ძაღინის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძაღინის სასახლე — არქიტექტურული ძეგლი, საცხოვრებელ-თავდაცვითი ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ძაღინაში, ძველ სასაფლაოზე აგებულია XVII საუკუნეებში. ვახუშტის მიხედვით: „ძაღინას არს ციხე და სასახლე“.

იოანე ბატონიშვილის აღნიშვნით, ამ ეპოქაში ძაღინაში ფალავანდიანები (ფალავანდიშვილები) ცხოვრობდნენ.

სოფელი ძაღინა მდებარეობს მდინარეების ფრონესა და ოჟორას შესართავში, ზნაურ-ცხინვალის სამანქანო გზიდან ნახევარი კილომეტრის დაშორებით. კომპლექსი შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. სასახლე და კოშკი ერთი სამშენებლო პერიოდისაა, ეკლესია კი განვითარებულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. სასახლე ნაგებია აგურით, ხოლო კოშკის საშენ მასალად გამოყენებულია ადგილობრივი ნატეხი ქვა. კოშკის თაღები და კამარები აგურისაა.

სასახლე ერთსართულიანი იყო. ოთახების განთავსება ანფილადურია. ნაგებობის ძირითად ბირთვს დიდი დარბაზი და მის წინ მდებარე მოზრდილი ლოჯია წარმოადგენდა. გაგრძელებაზე, ორივე მხარეს, კიდევ ორ-ორი კვადრატული ოთახია. ლოჯია დარბაზს მაღალი თაღოვანი შესასვლელით უკავშირდება. დარბაზს პილასტრებით დანაწევრებული კედლები აქვს. დასავლეთ კედელში ბუხარია მოწყობილი. ბუხრის ორივე მხარეს სარკმლები და თითო ნიშია. ანალოგიურადაა გადაწყვეტილი ბოლოებში მდებარე ოთხივე ოთახი. დარბაზი ოთახებს ღია თაღედით უკავშირდება. ოთახები განათებულია მაღალი, შეისრულთაღიანი სარკმლებით. დასავლეთი კედელი მთელ სიგრძეზე დანაწევრებულია ნიშებით.

ოთახები გადახურული იყო კედლებიდან გადაყვანილი საბრჯენი თაღებით შეკრული კამარით. ამჟამად შემორჩენილია მათი საწყისი წყობა.

სასახლის ფასადების გაფორმების ძირითად ელემენტად გამოყენებულია ორიარუსიანი კარ-სარკმელი, ხოლო ცენტრში მდებარე ლოჯია ხის სვეტებითა და მოაჯირით იყო გამოყოფილი.

სასახლესთან დაკავშირებული ხუთსართულიანი კოშკი კვადრატული ფორმისაა. სართულებს ერთმანეთთან აკავშირებს კედლის შიგნით მიმავალი ქვის კიბე. კოშკის პირველ და მეორე სართულს კოჭოვანი გადახურვა ჰქონია, ხოლო დანარჩენს — კამაროვან-გუმბათოვანი.

კოშკის პირველი სართული ქვევრებიან მარანს წარმოადგენს. იქვე კედელში მოწყობილია მილი, რომლითაც გარედან ღვინო შემოჰქონდათ.

მეორე სართული აგურის გუმბათით გადახურულ კვადრატულ სადგომს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელში ბუხარია მოწყობილი. ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში წვრილსათოფურიანი ორ-ორი, ჰორიზონტალურად გაჭრილი ხვრელია. ერთადერთი სარკმელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. იგი იმდენად პატარაა, რომ ოთახში თითქმის სიბნელეა.

მესამე სართულის ოთახი გაცილებით მეტი დეკორატიულობით გამოირჩევა. მას ამშვენებს ვარსკვლავისებრი კამარა, რომელიც ოთხ ტრომპსა და კედელზე დაკიდებულ ოთხ თაღს ეყრდნობა. ამ სართულსაც საკუთარი ბუხარი აქვს. სათოფურები აქაც სამი მხრიდან არის მოწყობილი. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. მესამე სართულის აღმოსავლეთ კედელში ორი კარია. ერთი - შესასვლელი, ხოლო მეორე - ზედა სართულზე ასასვლელი. ამ სართულის კიბის უჯრედში, შესასვლელ კართან, მცირე სადგომია, რომელსაც იატაკში საკანალიზაციო მილი აქვს დაყოლებული.

მეოთხე სართული დაბალია. იგი ხით ყოფილა გადახურული. ბუხარი ამ სართულის დასავლეთ კედელშია მოწყობილი. მას ყოველი კედლის შუაში ხვრელები აქვს დაყოლებული. ხვრელები იატაკიდან იწყება. მეოთხე სართული მთავარი საბრძოლო სართული უნდა ყოფილიყო.

ბოლო - მეხუთე სართული, ყველაზე ეფექტურია. იგი მთელ სიმაღლეზე, სამი მხრიდან გახსნილია დიდი თაღებით, ხოლო მეოთხე, ყრუ კედელში ბუხარია მოწყობილი. ეს სართული გადახურულია აგურის გუმბათით, რომელიც ტრომპებს ეყრდნობა. ნაწილობრივ შემორჩენილია გუმბათის წყობა. ძაღინას სასახლის არქიტექტურული სახე ლოგიკური გამოვლინებაა იმ პოლიტიკურ-სოციალური და ეკონომიკური სიტუაციისა, რომელიც შექმნილი იყო XVII საუკუნის ფეოდალურ საქართველოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004
  • იოანე ბატონიშვილი - კალმასობა 1. კ. კეკენლიძისა და ალ. ბარამიძის რედაქციით, 1935, გვ. 24.
  • ვახუშტი - აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წიგნი "ქართლის ცხოვრება",ტ. IV, "საბჭოთა საქართველო", თბ., 1973, გვ. 376.
  • ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები. მეცნიერება, თბ., 1973.
  • ზაქარაია პ., საამილახვროსა და ზემო ქართლის სადროშოს XV-XVIII სს. ციხე-სიმაგრეები, საქ. სსრ. მეცნ. აკად. მოამბე, ტ. XX, #1, 1958.
  • რჩეულიშვილი ლ., XVII საუკუნის სასახლე ძაღინაში, ქართული ხელოვნება, #5, საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ. 1959, გვ. 221:
  • Закарая П. Некоторые вопросы крепостных сооружений Шида-Картли ХУ1-ХУШ вв. Вестник Музея Грузии. т. Х1Х-А и ХХ1-В, 1957.
  • Закарая П. Древние крепости Грузии,Тбилиси, "Мерани", 1969, стр. 168.
  • Меписашвили Р. Цинцадзе В. Памятники гражданской архитектуры. В кн. "Архитектура нагорной части исторической провинции Грузии Шида-Картли", Тбилиси, "Мецниереба", 1957.