ცხამის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცხამის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხამში მდებარე საფლაოს ტერიტორიაზე, აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესიის გეგმა წაგრძელებული სწორკუთხედია, აღმოსავლეთით გრძივი კედლებისაგან ორი საფეხურით გამოყოფილი ღრმა, ნახევარწრიული აფსიდით, რომლის გვერდებზე, ვიწრო, თაღოვანი სარკმლის აქეთ-იქით, თითო, გეგმით ნახევარწრიული თაღოვანი ნიშაა განლაგებული. ჩრდილო ნიშაში გაჭრილია პატარა, ჩრდილო ფასადზე გამავალი სარკმელი. დარბაზის გრძივ კედლებში საკურთხეველთან ახლოს თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედელში გაჭრილია თითო, შიგნიდან თაღოვანი, ნაოთხალიანი კარი. დარბაზის გრძივი კედლები დაყოფილია თითო, ორსაფეხურიანი პილასტრებით, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. დასავლეთ კუთხეში მიდგმული თაღი კუთხის ორსაფეხურიან პილასტრებს ეყრდნობა, ხოლო კონქის საბჯენი თაღი იმპოსტებზეა დაყრდნობილი. გრძივ კედლებში პილასტრებისა და საკურთხევლისმხრების პირველ საფეხურებზე დაყრდნობილი ორ-ორი თაღი გადადის.

ინტერიერში კედლები შებათქაშებული და შეთეთრებულია. იატაკი ქვის დიდი ფილებით არის დაგებული, საკურთხევლის იატაკი სოლეათი ერთი საფეხურითაა შემაღლებული. დგას ტრაპეზის ქვა. შებათქაშებულ-შეთეთრებულია აგრეთვე ფასადებიც. დეკორით ხაზგასმულია შესასვლელები და აღმოსავლეთი სარკმელი — დასავლეთ კარს თაღოვანი თავსართი ამშვენებს, ხოლო სამხრეთისას ასეთივე თავსართი პილასტრების თაროსფორმის მქონე კაპიტელებს ეყრდნობა. აღმოსავლეთ სარკმელს ფართო, მცენარეული ორნამენტით მოჩუქურთმებული თაღოვანი არშია შემოუყვება, რომელიც დაღარული ლილვით წარმოქმნილ სწორკუთხა ჩარჩოშია ჩასმული. კარნიზი პროფილში თაროსა და ლილვის ფორმისაა. ეკლესია გადახურულია კრამიტით. „საქალებოს“ კედლები ნაგებია ყორექვით, წყობა ქაოსურია. კარის საპირე და კედლების კუთხეები თლილი ქვითაა ამოყვანილი. შიგნიდან დასავლეთ კედელში ორი თაღოვანი ბუხარია, ხოლო ჩრდილო და სამხრეთი კედლების დასავლეთ ნაწილებში თითო სწორკუთხა ნიშაა გამოჭრილი, სამხრეთი კედლის ნიშა შედარებით პატარა ზომისაა და კუთხესთან უფრო ახლოს მდებარეობს. კარი სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია გაჭრილი, იგი ორივე მხრიდან არქიტრავულია. ეკლესიის სამხრეთით ოციოდე მეტრზე, სასაფლაოს ეზოში, არის დიდი კვადრებით ნაგები ძველი შენობის ნანგრევები. იკითხება მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთის ათიოდე მეტრი სიგრძის კედელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9049