ცხავათის წმინდა ბარბარეს კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცხავათის წმინდა ბარბარეს კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავათში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ჩხავათის ხევი მდინარის მარჯვენა ნაპირის გაყოლებით უფრო იყო დასახლებული, ვიდრე მარცხენა. ძველი გზაც ამ მხარეს შეიმჩნევა. სწორედ ამ გზის პირას, სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით 1 კმ-ზე, მდ. ცხავატურას გაღმა დგას წმ. ბარბარეს ზურგიანი კოშკი. კოშკი საშუალო ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები და მთლიანად ბუნებრივ ქანზე დგას. ძეგლი ზურგიანი კოშკის ტიპის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. კერძოდ, კოშკი გარედან ზურგიანია, შიგნიდან კი სწორკუთხა გეგმისაა. შეიმჩნევა ხუთი სართულის კვალი, რომელთაგან ყველაზე დასრულებული მეორე სართულია. სამხრეთით - მდინარის მხარეს კარის ღიობი და ორი სარკმელ-სათოფურია. ჩრდილოეთით მესამე სართულის ერთ-ერთ კედლის მთელ სიმაღლეზე მოწყობილია კონქისებურად დასრულებული ნიშა. მეოთხე სართულზე ინტერიერში უკვე გარკვეული სიმრუდე შეიმჩნევა. ძეგლმა ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია. მთლიანად ჩაქცეულია კოშკის სართულშუა გადახურვა და აღმოსავლეთ კედელი. დანარჩენი კედლებიც დაზიანებულია. ბევრ ადგილზე წყობაც გახსნილია. კოშკს დასავლეთიდან მინაშენი ჰქონია, რომელიც ამჟამად მთლიანად დანგრეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 233-234