ცხავათის სამონასტრო კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცხავათის მონასტერი. ღვთისმშობლის ეკლესია

ცხავათის სამონასტრო კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავათში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ცხავატის მონასტერთან დაკავშირებულია ლეგენდა, რომელიც მოგვითხრობს: „მონასტერთან ჩამოდიოდა ირმების ჯოგი, მათ წველიდნენ და რძეს ქალებს ასმევდნენ; ამის შემდეგ რძედამშრალ დედებს რძე უჩნდებოდათ. ერთ-ერთ დღეობაზე ჩამოვიდა ერთი ირემი, რომელიც ჯოგის ჩამოსვლამდე დაკლეს. ამის შემდეგ ირმები მონასტერთან საერთოდ აღარ ჩამოსულან“. ცხავატის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს სოფლიდან სამხრეთ დასავლეთით 1-1,5 კმ-ზე. კომპლექსი დგას ბორცვზე, რომელსაც სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთი ფერდები მიუდგომელი აქვს. ამიტომ მონასტრისაკენ მიმავალი ბილიკი ზემოთ აღნიშნული მხარეების გავლით აღმოსავლეთით უხვევს და მძლავრ გალავანს მიადგება. სავარაუდოა, რომ მონასტრის თავდაპირველი კარიც აქ უნდა ყოფილიყო, რაზეც გალავნის სწორედ ამ ადგილზე გამაგრებული ქვის წყობის ორი შრე მიუთითებს. მონასტრის გეგმის ძირითადი ნაწილი მოქცეულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ წაგრძელებულ გალავნის კონტურში, რომლის დასავლეთი მხარე სწორკუთხაა, ხოლო აღმოსავლეთი მომრგვალებული. ისევე, როგორც მონასტრის ყველა ნაგებობა, გალავანიც ნაშენია ადგილობრივი ჯიშის ფლეთილი ქვით.

ღვთისმშობლის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალავნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დგას ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც ადგილობრივი წარმოშობის ფლეთილი ქვითაა ნაგები. ქვა შეძლებისდაგვარად დამუშავებულია სწორკუთხედებად და ამდენად წყობაც სისტემურია. ნაგებობის გეგმა დასავლეთიდან-აღმოსავლეთისაკენ ოდნავ წაგრძელებულ სწორკუთხედშია ჩახაზული. შუა ნავი, რომელიც მთავარია ბაზილიკაში, სწორკუთხასაკურთხევლიანია, თუმცა საკურთხევლის კუთხეებში შემორჩენილი ტრომპები მიუთითებს ამჟამად ჩამონგრეული კონქის თავდაპირველ არსებობზე. საკურთხევლის მოხაზულობისა და გადარჩენილი კედლების მიხედვით კონქი კოლოფისებრი ფორმის უნდა ყოფილიყო. ტრომპები განლაგებულია 1-2-1 პრინციპით. ერთი დამხმარე ტრომპია აღმოსავლეთი სარკმლის თავზეც. ორი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრი, რომელთაც საბრჯენი თაღები ეჭირათ გარკვეულ განაწილებას ახდენს შუა ნავის სივრცეში. აღმოსავლეთის წყვილი საკურთხეველს გამოყოფს დარბაზისაგან, ხოლო დასავლეთისა ორ ნაწილად ყოფს დარბაზს. წყვილი პილასტრია აგრეთვე დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეებში. დარბაზის სამივე წყვილი პილასტრს მნიშვნელოვანი კონსტრუქციული ფუნქცია ეკისრება და მათ ეჭირა კამარის სამი საბრჯენი თაღი, აგრეთვე ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე წარმოდგენილი ორ-ორი შეწყვილებული თაღედი, რომლებიც თავის მხრივ შუა ადგილზე იმპოსტებს ეყრდნობიან. სივრცის განათება ძირითადად დასავლეთი კედლიდან ხდებოდა, სადაც სამი სარკმელია გაჭრილი, ერთიც საკურთხეველშია. ნაგებობის მაღალი პროპორციების შესაბამისად, სარკმლებიც მაღალზეა გაჭრილი. საკურთხეველში ორი ოთხკუთხა ნიშაა; ასეთივე ნიშაა დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში. ეკლესიის ცენტრალურ დარბაზში საინტერესო ფრესკებია. არის ფრესკული წარწერებიც. საფიქრებელია, რომ კედლის მხატვრობა XIII ს. უნდა განეკუთვნებოდეს. ექსტერიერი ძირითადად სადაა; მხოლოდ დასავლეთ კედელზე სამივე სარკმლის თავსართად ქვაში ნაკვეთი ჯვრებია ჩასმული. გარედან გალესილი ყოფილა. ლავგარდანი შირიმის სქელი ფილებისაა. ორ ეკლესიას შორის გალავნის ჩრდილოეთ კედელთან აღმართული ყოფილა ორსართულიანი სამრეკლო, რომლის გარკვეული ნაწილი დღემდეა შემორჩენილი. მთავარი ეკლესიის სამხრეთით გალავნის კედელთან შეიმჩნევა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ წაგრძელებული ნაგებობის კვალი, სავარაუდოა, რომ ეს ნაგებობა სატრაპეზოს წარმოადგენდა. გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში გაჭრილია გასასვლელი, რომელსაც საბერეების კამარაჩამოქცეულ ნანგრევებთან გავყავართ. საბერეები გალავნის ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილოეთით თითქმის მთელ სიგრძეზე ორ-სამ რიგად იყო განლაგებული. ძეგლი მნიშვნელოვანია, როგორც არქიტექტურული თვალსაზრისით, ასევე კედლის მხატვრობის საინტერესო ნიმუშებით. მონასტრის გალავნის შიდა და გარე ნაგებობების უმრავლესობა არასახარბიელო მდგომარეობაშია, საჭიროებს გაწმენდასა და გამაგრებას. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი დაფარულია ხშირი მცენარეებით.

მცირე ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტრის მცირე ეკლესია მდებარეობს ღვთისმშობლის ეკლესიის აღმოსავლეთით, თხუთმეტიოდე მეტრის მანძილზე. სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთით 1-1,5 კმ-ზე მდებარე მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ფლეთილი ქვითაა ნაგები. წყობა ქვედა რიგებში თარაზულია, ზემოთკენ ირევა. დარბაზი ბრტყელაბსიდიანია. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია კარი, რომელიც მინაშენში გადის. შესასვლელი მინაშენსაც ჩრდილოეთიდან აქვს. დარბაზის კამარას ერთი საბჯენი თაღი იჭერს. დასავლეთით და აღმოსავლეთით თითო სარკმელია. ყველა კედელში ნიშია. საკურთხეველი საფეხურითაა აწეული. დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთ კედლებს საკურთხევლის სიმაღლეზე ხარისხი შემოუყვება. ინტერიერიცა და ექსტერიერიც სადაა, არაფრით გამორჩეული, თუ არ ჩავთვლით სარკმელთა შირიმის თავსართებს, რომლებიც რელიეფური ზოლებითაა პროფილირებული. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით სამრეკლოა, რომლის თაღები ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა. ქვის წყობაში დაცულია სწორხაზოვნება. თაღები და მეორე სართული ჩამოქცეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 234-238