ჩიტიანის ყველაწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩიტიანის ყველაწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიტიანიში. აგებულია VIII-IX ნსაუკუნეებში.

ჩიტიანის მიდამოებში დგას დარბაზული ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს სამლოცველო გარშემოსავლელით და კარიბჭით. ყველა ნაგებობისთვის სამშენებლო მასალად გამოყენებულია ადგილობრივი წარმოშობის, დამუშავებული ქვა. წყობაში დაცულია სწორხაზოვნება. სწორკუთხა გეგმის, მთავარი ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ასევე სწორკუთხა საკურთხევლით, რომლის ცენტრში გაჭრილია შეისრულთაღიანი სარკმელი. სარკმლის ძირში დგას ორი მასიური ტრაპეზის ქვა, რომელთა წინა წიბოზე მოწყობილია ნიშები. სწორკუთხა საკურთხევლიდან სფერულ კონქზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპების საშუალებით. ცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი სამხრეთით პილასტრს ეყრდნობა, ხოლო ჩრდილოეთით კრონშტეინს. დარბაზის მთელ პერიმეტრს ხარისხი შემოუყვება. ინტერიერში, შებათქაშებულ კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები და ფრესკული, ასომთავრული წარწერები. ეკლესია ნათდება სამხრეთით სწორკუთხა და დასავლეთით თაღოვანი სარკმლებით. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი არქიტრავული კარი გარშემოსავლელს უკავშირდება. გარშემოსავლელიდან ვხვდებით მცირე ზომის, გეგმით უაბსიდო, სწორკუთხა სამლოცველოში. საკურთხევლის კუთხეებში შემორჩენილია ტრომპები. ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. სარკმლის ძირში დგას ტრაპეზის ქვა. სარკმელი გაჭრილია დასავლეთ კედელშიც. იატაკი ამოვსებულია მიწითა და ქვით. გარშემოსავლელის დასავლეთ კედელში სამი სწორკუთხა სარკმელია, ასეთივე სარკმელია აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით. კარის ღიობი ჩრდილოეთ კედელშია. ამ არქიტრავული შესასვლელით ვუკავშირდებით კარიბჭეს, რომლის აღმოსავლეთი კედელი მთლიანად დანგრეულია. ძეგლი სერიოზულად არის დაზიანებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 219-220