ჩაბანოს ეკლესიის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩაბანოს ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაბანოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, 1 კმ-ზე, ტყეში. კომპლექსში შედის ეკლესია, კოშკი და გალავანი. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (7,3x4,9 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩამოშლილია გარეგანი მოპირკეთების უმეტესი ნაწილი და სახურავის საფარი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. მომრგვალებულკუთხეებიანი სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს თითო კვადრატული ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზის ქვაა მიდგმული. თითო სწორკუთხა სარკმელი სამხრეთით და დასავლეთითაა. საკურთხეველი გადახურულია არაწესიერი ფორმის კონქით. კონქის შირიმის ქვით ნაწყობი შეისრული თაღის ქუსლებთან გამოყოფილია შირიმის მარტივი პროფილის იმპოსტები. შეისრული ფორმისაა კამარაც, რომელიც მსგავსი ფორმის ერთ შეკიდებულ საბჯენ თაღს ეყრდნობა. დარბაზის გრძივ კედლებზე ყრუ შეისრული თაღებია. ჩრდილოეთით ორი ასეთი თაღია, სამხრეთით - ერთი ეკლესია შიგნიდან შელესილია.

ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 2 მეტრზე დგას ნატეხი ქვით ნაგები გვიანი შუა საუკუნეების ზურგიანი კოშკი (3,85x3,7 მეტრი). რომელიც ზურგით ფერდობშია შეჭრილი. კოშკის გვერდის კედლები და ზურგის ნაწილი თითქმის მთლიანად დანგრეულია. სამხრეთის სწორ კედელში (სიმ. 6,5 მეტრი) თაღოვანი შესასვლელია, მის ზემოთ კი — მეორე სართულის მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელი. მეორე სართულის კედელი შიგნიდან პირველის მიმართ რამდენადმე შეთხელებულია, რაც სართულშუა გადახურვის კოჭების დასაყრდნობ საფეხურს ქმნის. კოშკს ორფერდა სახურავი ჰქონია. წრიული მახაზულობის გალავნის ფრაგმენტებიიღაა შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]