შუა ზახორის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შუა ზახორის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ზახორში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

ძეგლი მდებარეობს მდინარე ლეხურის ხეობაში, ვანის ხევის შესართავთან, სოფელ ქვითკირის დასავლეთით 0,5 კმ-ზე. ეკლესია საშუალო ზომის ფლეთილი ქვითაა ნაშენი.. იგი წარმოადგენს მცირე ზომის დარბაზულ ნაგებობას. დარბაზი გეგმაში დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე წაგრძელებული სწორკუთხა მოხაზულობისაა კოლოფისებრი აბსიდით. აბსიდის მცირე მხრები პირდაპირ სატრიუმფო თაღში გადადის. ცილინდრული კამარა, რომელსაც გადახურვა ეჭირა დასავლეთ მხარეს ჩამოშლილია. გარედან არქიტრავული — შიგნიდან თაღოვანი კარი ეკლესიაში გაჭრილია სამხრეთით. დარბაზის მთელ პერიმეტრს ხარისხი შემოუყვება. გრძივ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშაა. სარკმლები გაჭრილია საკურთხეველსა და დასავლეთ კედელში. დასავლეთ სარკმლის ძირი ოთხსაფეხურიანია. საკურთხევლის ცენტრში, კედელთან მიდგმულია ტრაპეზის ქვა. აქა-იქ მიმობნეულია კანკელის ფრაგმენტები. მოგვიანებით ინტერიერი გალესილი და მოხატული ყოფილა. დღესდღეობით ფრესკების სიუჟეტების გარჩევა შეუძლებელია. გარე ფასადები მთლიანად სადაა. შელესილობა მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეებში შემორჩა. დუღაბიც ამორეცხილია. ქვის წყობაში იგრძნობა თარაზულობის შენარჩუნების სურვილი. საინტერესო ელემენტს წარმოადგენს შირიმის კბილანა ლავგარდანი, თუმცა თლილია საკმაოდ ტლანქად. ეკლესიას ჩრდილოეთიდან მცირე ზომის მინაშენი აქვს. გალავნის კვალი შეიმჩნევა ნაგებობიდან სამხრეთით რამდენიმე მეტრზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 199-200