შტორის ციხის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შტორის ციხის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში. ეკლესია დგას შტორის ციხის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კედლებს გარეთ (ამჟამად ციხის მხოლოდ ფრაგმენტია გადარჩენილი), ალაზნის ფლატის პირას. ეკლესია დარბაზული ნაგებობაა, აშენებულია რიყის ქვით დუღაბზე. კონსტრუქციულ დეტალებში გამოყენებულია ბრტყელი აგური, ეკლესია გარედან შებათქაშებული იყო, შესასვლელი მას სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. კარები შეისრულია, გამოყვანილია აგურით და ჩასმულია ერთი საფეხურით შეღრმავებულ ჩარჩოში, რომელიც ხერხულა ლავგარდნით სრულდება. ამჟამად ეკლესიას დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლებში თითო, ხოლო დანარჩენ ორ კედელში ორ-ორი სარკმელი აქვს, თუმცა როგორც ჩანს თავიდან ეკლესიას მხოლოდ დასავლეთის და აღმოსავლეთის სარკმელი უნდა ჰქონოდა. ისინი უფრო მცირე ზომისაა, თაღოვანი და შიგნიდან საკმაოდ დამრეცი რაფა აქვთ. ჩრდილოეთის და სამხრეთის სარკმლები უფრო ფართოა და აგურით გადაყვანილთაღოვანი.

ინტერიერის მხრიდან სარკმლებს უფრო XVIII-XIX საუკენეების მიჯნის სარკმლებისთვის მახასიათებელი წირთხლები და რაფა აქვს. ამასთან, სამხრეთის კარის თავზე გაკეთებული სარკმლის ადგილას თავდაპირველად აგურის ფონის დადაბლებით გოლგოთის ჯვარი ყოფილა გამოყვანილი, რომლისგანაც ახლა მხოლოდ კვარცხლბეკია დარჩენილი. ასეთივე ჯვრის გამოსახულებაა დასავლეთი კედლის ფრონტონშიც. კედლები დასრულებულია აგურის ხერხულა ლავგარდნით და დახურულია კრამიტით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია მხრით გამოყოფილი დარბაზისგან და ერთი საფეხურით ამაღლებული. კონქი მხრებზე გადასულ თაღზეა დაბჯენილი. საკურთხეველი დარბაზისგან ახალი გაჯით შელესილი კანკელითაა გამიჯნული. დარბაზის გრძივი კედლები თითო წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღია გადაყვანილი. ეკლესია შიგნიდან მთლიანად გაჯითაა შელესილი, იატაკი აგურფენილია, საკურთხევლის წინ კი XVIII საუკუნის ორი საფლავის ქვაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38208