შილდის ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შილდის ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის განაპირას. თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, რომელსაც ჩრდილოეთიდან, მთელ სიგრძეზე, თანადროული მინაშენი ეკვრის. ძეგლი ნაგებია ნატეხი ქვით კირის ხსნარზე, გამოყენებულია შირიმიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. მსგავსი კარი ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ ნაწილშიცაა, რომელიც მინაშენში გადის.

ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ღერძზე ვიწრო, ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ერთი ვიწრო, ოთხკუთხა სარკმელი სამხრეთით, შესასვლელის მარჯვენა მხარესაა. აღმოსავლეთით სარკმლის ქვეშ, კედელზე, მიდგმულია ტრაპეზი. აფსიდის გვერდებში თითო სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია ორსაფეხურიანი მხრებით. კაპიტელებით დასრულებულ მეორე საფეხურს სფერული კონქის სატრიუმფო თაღი ეყრდნობა. დარბაზი გადახურულია ნახევარცილინდრული კამარით. აფსიდის იატაკი ერთი საფეხურითაა ამაღლებული.

ეკლესიას ჩრდილოეთი მხრიდან, მთელ სიგრძეზე, გასდევს თანადროული მინაშენი, რომელიც ორი ღია თაღით უკავშირდებოდა გარე სივრცეს. თაღები გადაყვანილია ოთხკუთხა სვეტზე. მინაშენი აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი აფსიდით. მის ღერძზე ვიწრო, ნახევარწრიული სარკმელია გაჭრილი. კონქის თაღი ნახევარწრიულია. მსგავსი ფორმისაა კამარაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]