შალაურის წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შალაურის წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ შალაურის სამხრეთით, 500-იოდე მეტრის მანძილზე, სვინაანთხევის მარჯვენა ნაპირზე, ძველ სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია მცირე ზომის, დარბაზული ტიპის სამლოცველოა. ნაშენია ძირითადად, რიყის ქვით, რომლებიც დაწყობილია წესიერ, სწორხაზოვნად გამავალ რიგებად. წყობაში, ალაგ-ალაგ, ლოდებშიცაა ჩართული. თითქმის მთლიანად დანგრეული ეკლესიიდან შემორჩენილი იყო სამხრეთ კედელი და თითქმის იმავე სიმაღლეზე, განივი კედლების სამხრეთ ნახევარი. სამხრეთ კედელში შესასვლელია გაჭრილი. იგი რიყის ქვითა და კვადრატული აგურის შერეული წყობითაა გამოყვანილი და ხის ძელებით თარაზულადაა გადახურული. აფსიდი ნახევარწრიულია. აფსიდის კედელი დარბაზის სამხრეთ კედლისგან გამიჯნულია პილასტრით, რომელთანაც, სამხრეთ კედელში, ხის კანკელის ზედა ძელის ჩასადგმელი ღრმულია. აფსიდში შემორჩენილი იყო აგურით გამოყვანილი სარკმლის მხოლოდ წირთხლი. დარბაზის სამხრეთ კედელი გლუვია — უპილასტრო. 2009 წელს სოფლის ყოფილი მაცხოვრებლის ვ. ნადირაძის დაფინანსებით, იგი მთლიანად აღადგინეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]