ყვარლის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყვარლის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში, ყვარელში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. გადმოცემით 1873 წელს ლეკების შემოსევის დროს, ილია ჭავჭავაძის ფეხმძიმე დედა ამ კოშკში დაუმალავთ და სწორედ აქ დაბადებულა დიდი პოეტი და საზოგადო მოღვაწე.

1986 წელს ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ (პროექტის ავტორი, არქიტექტორ-რესტავრატორი გ. ნიკოლაძე). აღდგა ხის სართულშუა გადახურვები, ბანის სართულზე ქონგურებისა და მაშიყულების ნაწილი. პირველ სართულზე დაიგო აგურის იატაკი. შენობა გეგმით კვადრატს მიახლოებული სწორკუთხედია. ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი პირველ სართულზეა, ჩრდილოეთ კედლის შუაში. კარი სწორკუთხაა. შესასვლელის გვერდებზე თითო შეწყვილებული სათოფურია. მსგავსი ორ-ორი სათოფური დანარჩენ კედლებშიცაა. სამხრეთ კედელში მოწყობილია ორი ნიშა, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში კი, თითო-თითო.

მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში, თაღოვანი ბუხარია, მის მოპირდაპირედ - განიერი ნიშა. ოთხივე კედელში, აქაც, სათოფურებია. მესამე სართულის ოთხივე კედელში ორ-ორი შეწყვილებული სათოფურია. მეოთხე სართული ბანია, რომლის კედლები თავმომრგვალებული ქონგურებითაა დასრულებული. ბანის ოთხივე კედელში განლაგებულია ნისკარტისებრი მაშიყულები. სართულები ერთმანეთთან დაკავშირებული იყო ხის კიბით. კოშკის გარეგნობა მარტივია. შესასვლელის თავზე გამოსახულია წყობაში შეღრმავებული ტოლმკლავა ჯვარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]