ყანობის მთავარანგელოზთა ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყანობის მთავარანგელოზთა ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ყანობის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. გადმოცემით, აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის 60-იან წლებში, მღვდელ ითონიშვილის დაკვეთით.

ეკლესია (11,5x6,4 მ) „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის თავისებური ვარიაციაა. ნაგებია თლილი ქვის კვადრატებით. მისი გრძივი ღერძი ბევრად აღემატება განივ ღერძს. შენობა ამჟამად სახეშეცვლილია (1920 წლიდან მას სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ). მოსახლეობის გადმოცემით, იგი თავიდან მოხატული ყოფილა, მოგვიანებით შეუთეთრებიათ. მოუშლიათ (1930 წელს) სახურავზე დადგმული ხის პატარა ცრუ გუმბათი. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნაგებობის ბირთვს ქმნის გეგმით კვადრატული გუმბათისებრი, კამარით გადახურული ნაწილი, რასაც აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ერთვის პოლასტერებითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით გამოყოფილი მკლავები. ორივე მკლავი სწორკუთხოვანია და ცილინდრული კამარითაა გადახურული. აღმოსავლეთის მკლავში საკურთხეველია, მისი ბაქანი შემოჭრილია ცენტრალურ ნაწილში, დარბაზის იატაკის მიმართ 0,8 მ-ით შემაღლებულია და კიდეებში თითო საფეხური აქვს მიშენებული.

საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში, ერთ დონეზე, გაჭრილია სამი თანაბარი სიგანის თაღოვანი სარკმელი. შუა სარკმელი დანარჩენებთან შედარებით ოდნავ მაღალია. სამ-სამი ასეთივე სარკმელია ეკლესიის ცენტრალური ნაწილის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში. ისინი კედლის ნახევარწრიული თაღის არეში არიან მოქცეული. თითო ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავების გვერდის კედლებშიცაა. საკურთხევლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში გეგმით ნახევარწრიული თაღოვანი ნიშანია. ერთი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია ჩრდილოეთ კედელშიც.

„გუმბათის“ საბჯენი თაღები, რომლებიც ცენტრალური ნაწილის კუთხეებიდანაა ამოყვანილი, გადაკვეთის ადგილას ქმნიან კუთხეებმომრგვალებულ სწორკუთხა პლაფონს, რომლის ცენტრში ჭაღის ჩამოსაკიდებელი წრიული ღრმულია. ეკლესიის ფასადები შელესილი და მოთეთრებულია. მხოლოდ დასავლეთის ფასადია მოპირკეთებული. მოპირდაპირე ფასადები ფორმათა აგებულებითა და არქიტექტურული გაფორმებით ერთმანეთის მსგავსია. ცენტრალურ ნაწილს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან, თითქმის მთელ სიგანეზე ფრონტონით დასრულებული შვერილი აქვს. თითოეული ფასადის ღერძზე, ორი საფეხურით შეღრმავებული მაღალი თაღია, რომელთა არეში სარკმლები გამოდის. სარკმლებს ქვემოთ, ერთი საფეხურით შეღრმავებული სწორკუთხოვანი არეა. დასავლეთისაში მოწყობილია ეკლესიის სწორკუთხა შესასვლელი. დანარჩენ ფასადებზე თაღის ქვედა არე ყრუა. ეკლესიის აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავებს ორფერდა სახურავი აქვს, ცენტრალური ნაწილი კი გადახურულია ოთხფერდა სახურავით. მისი წვერი წაკვეთილია და მცირე კვადრატული ბაქანია შექმნილი. ეკლესიის კედლები დასრულებულია ორსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელსაც ოთხივე ფრონტონის ძირებთან ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს. ეკლესიის დასავლეთის მკლავის სამხრეთით სარკმლის წინ დგას ქვით ნაგები კვადრატული სვეტი. სვეტსა და სარკმელს შორის, რელსზე დიდი ზარი კიდია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]