ყაზანის ტაძარი (სანქტ-პეტერბურგი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყაზანის ტაძარი ძველებურ საფოსტო ბარათზე.
ყაზანის ტაძარი 2012 წელს.

ყაზანის საკათედრო ტაძარი (რუს. Каза́нский кафедра́льный собо́р) — რუსული მართლმადიდებლური ტაძარი მიძღვნილი ყაზანის ღვთისმშობლისადმი, რომლის ხატს რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ყველაზე წმინდად მიიჩნევს.

ტაძარი არქეიტექტორმა ანდრეი ვორონიხინმა რომის წმ. პეტრეს ბაზილიკის ნიმუშზე შექმნა. ზოგიერთ ისტორიკოსთა ცნობით იმპერატორ პავლეს მსგავსი ეკლესიის აგება ნევის მოპირდაპირე მხარეზეც სურდა, თუმცა ამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მართლმადიდებელი სამღვდელოება ტაძრის კათოლიკურ მოდელზე აგებას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, ვორონიხინის იმპერიულ სტილს სამეფო კარზე გაცილებით გავლენიანი მომხრეები გამოუჩნდნენ. მშენებლობა 1801 წელს დაიწყო და 10 წელი გრძელდებოდა.

1812 წელს რუსეთში ნაპოლეონის შემოჭრისა და საბრძოლო მეთაური მიხაილ კუტუზოვის მიერ ყაზანის ღვთისმშობლისთვის დახმარების თხოვნის შემდეგ, ეკლესიის დანიშნულება უნდა შეცვლილიყო. პატრიოტული ომი დასრულებული იყო და კათედრალი პირველ რიგში მიჩნეულ იქნა როგორც რუსების ნაპოლეონზე გამარჯვების მემორიალი. თავად კუტუზოვი ტაძარში დაკრძალეს 1813 წელს. 1815 წელს რუსეთის არმიამ ევროპიდან ჩვიდმეტი ქალაქისა და რვა ციხესიმაგრის გასაღები მოიტანა ტაძარში მისი ძლევამოსილების ნიშნად. 1837 წელს ბორის ორლოვსკის პროექტით ტაძრის წინ დაიდგა კუტუზოვისა და ბარკლაი დე ტოლის ორი დიდებული ქანდაკება.

1876 წელს რუსეთში პირველი პოლიტიკური დემოსტრაცია ამ ეკლესიის წინ ჩატარდა. 1917 წელს რუსეთის რევოლუციის შემდეგ ტაძარი დახურეს. 1932 წელს ის გაიხსნა როგორც ათეიზმის მუზეუმი. მღვდელთმსახურება აღდგა 1998 წელს; ოთხი წლის შემდეგ კი ტაძარი რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდა. ამჟამად იგი სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიტის დედა-ტაძარია.

ტაძრის ინტერიერი მრავალრიცხოვანი სვეტებით იმეორებს გარე კოლონადის განლაგებას (69 მ სიგრძეში, 62 მ. სიმაღლეში). ტაძარში მრავალი ქანდაკება და ხატია შექმნილი იმ დროისთვის საუკეთესო რუსი მხატვარ-მოქანდაკეების მიერ. ჭედური რკინის გისოსები, რომელიც ტაძრის მცირე უკანა მოედანს ერტყმის ხშირად ჭედური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშად მოიხსენიება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]